მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მელია: არ მივცეთ რამის თქმის საბაბი ხელისუფლებას, ვაცადოთ სააკაშვილის გორში გადაყვანა

ჩვენ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ხელისუფლებას თქვას, რომ ხალხი ჯერ კიდევ ქუჩაში არის, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას ამაღამვე ვაპირებთ, მაგრამ კიდე რამე სისულელე რომ არ მოროშონ, უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით ჯერ ვერ განვახორციელებთ ტრანსპორტირებას, იმიტომ, რომ ხალხი რუსთაველის გამზირზე დგასო, ეს საბაბიც არ მივცეთ და ამიტომ, როდესაც უკვე ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი თანახმაა და გადადის, ვაიძულეთ ხელისუფლება, რომ ეს განცხადება გაეკეთებინა, მოდით მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ვაცადოთ გორის ჰოსპიტალში, იქ სადაც, ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომ არანაირ საპროტესტო აქციას არასდროს არ გავმართავთ და ვინმე თუ გამართავს შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ არის პროვოკაციული აქცია, არცერთი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი გორის ჰოსპიტალთან არ გამართავს საპროტესტო აქციას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსთაველის გამზირი იქნება ცარიელი და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქები.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე ნიკა მელია გამოეხმაურა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, დათანხმებოდა მის  გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას.  19 ნოემბერს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ამას წინ უძღოდა 18 ნოემბერს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. მან ღამე გლდანის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციაში გაატარა. 

კომენტარები