კორუფცია

კორუფციის საერთაშორისო რეიტინგში წელს საქართველოს პოზიცია გაუარესდა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით, Trace International-ის მიერ გამოქვეყნებულ ბიზნესის კორუფციის რეიტინგში 2021 წელს საქართველოს პოზიცია გაუარესდა. 

Trace-მა მსოფლიოს 194 ქვეყანა 100-ქულიანი სისტემით შეაფასა, სადაც 100 ქულა კორუფციის მაღალ, ხოლო 0 ქულა კორუფციის დაბალ რისკზე მიუთითებს. 

2021 წელს საქართველომ საერთაშორისო რეიტინგში 26 ქულით 29-ე ადგილი დაიკავა, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით გაუარესებული შედეგია. კერძოდ, 2020 წელს ქვეყანა 25 ქულით 28-ე ადგილს იკავებდა. 

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს საუკეთესო შედეგი 2017 წელს ჰქონდა, მაშინ ქვეყანამ 23 ქულით 25-ე ადგილი დაიკავა. 

კორუფციის ყველაზე დაბალი რისკი დანიაში, ნორვეგიაში, შვედეთში, ფინეთსა და ახალ ზელანდიაშია. ყველაზე მაღალი კი – ჩრდილოეთ კორეაში, თურქმენეთში, ერიტრეაში, ვენესუელასა და სომალიში. 

Trace-ის შეფასებით, დანიას საერთაშორისო რეიტინგში ყველაზე დაბალი, 2 ქულა აქვს, ჩრდილოეთ კორეას კი – ყველაზე მაღალი, 94 ქულა. 

მეზობელს სახელმწიფოებში კორუფციის კუთხით სიტუაცია შედარებით უარესადაა: აზერბაიჯანი საერთაშორისო რეიტინგში 140-ე ადგილზეა, რუსეთი 134-ე ადგილს იკავებს, თურქეთი – 129-ზე, სომხეთი კი 47-ე ადგილზეა. 

ორგანიზაცია ქვეყანას კორუფციის შესაძლებლობის, ანტიკორუფციული კანონმდებლობის, მთავრობის გამჭვირვალობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების დონის მიხედვით აფასებს. 

"განხილული მიმართულებებიდან კორუფციის ყველაზე დაბალი რისკით შეფასდა და, შესაბამისად, ყველაზე დაბალი შეფასება საქართველომ მიიღო კორუფციის შესაძლებლობაში. კორუფციის ყველაზე მაღალი რისკის მქონედ შეფასდა და, შესაბამისად, ყველაზე მაღალი ქულა დაფიქსირდა კორუფციული რისკების აღკვეთაში.

რაც შეეხება გამჭვირვალობასა და ზედამხედველობას, აღნიშნულ მიმართულებებში საქართველომ თითქმის თანაბარი ქულები აიღო". – წერია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანგარიშში. 

კომენტარები