ალეკ ბოლდუინი

ფილმ RUST-ის გადამღები ჯგუფის კიდევ ერთი წევრი ალეკ ბოლდუინს სასამართლოში უჩივის

Befunky

ფილმ Rust-ის გადამღები ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, სცენარისტის თანაშემწე მამი მიტჩელი ალეკ ბოლდუინს სასამართლოში უჩივის. 

22 ოქტომბერს, ნიუ-მექსიკოს შტატში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს, 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე დაშავდა რეჟისორი ჯოელ სოუსა. გასროლის მომენტში მიტჩელი ადგილზე იმყოფებოდა, ის პირველი იყო, ვინც სასწრაფო სამაშველო სამსახურში დარეკა.

"იმ სცენის გადაღებისას ბოლდუინს საერთოდ არ უნდა გაესროლა, სცენარში მსგავსი არაფერი წერია. მსახიობმა ჩემთვის აუხსნელი მიზეზით რუსული რულეტკის თამაში გადაწყვიტა. ბატონო ბოლდუინისა და პროდიუსერების უპასუხისმგებლო ქმედებებს ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა. საშინელება იყო, დღემდე ჩამესმის იარაღის გასროლის ხმა". – ამბობს მიტჩელი.

მიტჩელის გარდა ბოლდუინისა და პროდიუსერების წინააღმდეგ სასამართლო დავა პროექტის მთავარმა გამნათებელმა, სერჟ სვეტნოიმაც წამოიწყო.

იარაღი, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი, ბოლდუინს რეჟისორის თანაშემწემ, დეივ ჰოლსმა გადასცა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო. რეალურად მჭიდში საბრძოლო ვაზნები იდო. ამის შესახებ სასამართლოს მასალებში წერია.

გადამღები ჯგუფის წევრმა, მეგი გოლმა გამოცემა The Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰოლსს უსაფრთხოების წესების დარღვევას წარსულშიც ედავებოდნენ

მსახიობი პოლიციის განყოფილებაში თავად მივიდა, სამართალდამცავების ყველა კითხვას უპასუხა და შენობა დატოვა. ამ ეტაპზე გამოძიებას ბრალი არავისთვის წარუდგენია.

დაჭრილი ჰალინა ჰატჩინსი საავადმყოფოში ვერტმფრენით გაამგზავრეს, ოპერატორი საავადმყოფოში მიფრენამდე გარდაიცვალა. ის 42 წლის იყო. დაჭრილი რეჟისორის, ჯოელ სოუსას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის რამდენიმე საათის შემდეგ საავადმყოფოდან გამოწერეს.

"არ არსებობს სიტყვები, რომლითაც გამოვხატავ ჩემს შოკსა და მწუხარებას უბედურ შემთხვევაზე, რომელმაც ცოლის, დედის და ჩვენი კოლეგის ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეიწირა. პოლიციასთან სრულად ვთანამშრომლობ". – ამ სიტყვებით გამოეხმაურა ალეკ ბოლდუინი ტრაგედიას.

მსგავსი უბედური შემთხვევა მოხდა 1993 წელს, ფილმ The Crow-ს გადასაღებ მოედანზე. სარეკვიზიტო პისტოლეტიდან გასროლილმა ტყვიამ მსახიობი ბრენდონ ლი იმსხვერპლა.

კომენტარები