კანონი საგზაო მოძრობის შესახებ

მოპედის ტარებას მართვის მოწმობის გარეშე ვერ შეძლებთ – პარლამენტმა კანონპროექტი დაამტკიცა

მოქალაქეები მოპედით გადაადგილებას მართვის მოწმობის გარეშე ვერ შეძლებენ, ასევე, ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდა ორეტაპიანი ხდება - პირველ ეტაპს მოქალაქეები დახურულ მოედანზე ჩააბარებენ, მეორეს კი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. პარლამენტმა კანონპროექტი მე-3 მოსმენით დაამტკიცა. 

მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარებასა და მოპედების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ცვლილებები საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შევიდა. პარლამენტმა ცვლილებებს მხარი 81 ხმით დაუჭირა.  

ცვლილების მიხედვით, მოპედი კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციას დაექვემდებარება და მის სამართავად მოქალაქეს ახალი - "AM" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის აღება დასჭირდება. 

მოპედით გადაადგილებისთვის საჭირო მართვის მოწმობის აღებას მოქალაქეები 16 წლიდან შეძლებენ. AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე მოქალაქეს ექნება. მოწმობის აღება და ტრანსპორტის რეგისტრაცია 2022 წლის 28 მარტამდე ნებაყოფლობითია, რის შემდეგაც ის სავალდებულო გახდება. 

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებთან და თავდაპირველ, გარდამავალ პერიოდში, მოპედების რეგისტრაცია ასევე იქნება შესაძლებელი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში. მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის, რომ პროექტი ითვალისწინებს შეღავათებს სოციალურად დაუცველი პირებისთვის. ასევე, მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე დაშვებისთვის მომსახურების საფასურისაგან გათავისუფლდებიან 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირები. სრულად თავისუფლდებიან პირები AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად დაშვებისას. 

კანონპროექტის ერთ-ერთ უმინიშვნელოვანეს სიახლეს წარმოადგენს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის რეფორმა. პროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ხდება ორეტაპიანი. პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) ჩატარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე. სიახლეს წარმოადგენს ასევე "A2" ქვეკატეგორიის შემოღება, რომელიც მოიცავს საშუალო სიმძლავრის მოტოციკლს. მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ახალი წესი "B" და "BE" კატეგორიის (მსუბუქი ავტომობილი მისაბმელით ან მის გარეშე) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველთათვის 2022 წლის 25 აპრილიდან ამოქმედდება, ხოლო სხვა კატეგორიების/ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველთათვის - 2022 წლის 7 ნოემბრიდან. საკანონმდებლო პაკეტის მიზანია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების აღსრულება, კერძოდ, მართვის მოწმობების თაობაზე 2006 წლის 20 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/126/EC დირექტივის საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაცია". - წერია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები