მიხეილ სააკაშვილი

ენმ შსს-ს: კანონის შესაბამისად, უზრუნველყავით ჩვენი შეკრების მშვიდობიანად ჩატარება

ანა გვარიშვილი/ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თანახმად, შსს-ს განცხადებაში ენმ-ს მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, რომ საჭიროების შემთხვევაში, წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს, არასწორადაა განმარტებული საქართველოს კანონმდებლობის ნორმები, რაც მიმართულია დაანონსებული აქციის ხელის შეშლისკენ და წარმოადგენს მშვიდობიანი დემონსტრატების დაკავებების დაანონსებას.

"საქართველოს კონოსტიტუციიის 21-ე მუხლის პირველი პუქნტით დაცულია შეკრების თავისუფლება, "ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება".

ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება. შესაბამისად, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება არა მხოლოდ დაიცვას მშვიდობიანი შეკრება, არამედ განახორციელოს სათანადო ღონისძიებები პირთა მიერ ხსენებული უფლების ეფექტიანი რეალიზების უზრუნველსაყოფად", - წერია განცხადებაში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა წერს, რომ განცხადებით წინასწარ იქნა გაფრთხილებული ყველა შესაბამისი ორგანო, რომ მშვიდობიანი მსვლელობა გაიმართებოდა შეზღუდული დროის მონაკვეთში 15:00 საათიდან 17:00 საათამდე.

"წინასწარი გაფრთხილების მექანიზმის არსებობის ერთადერთი მიზანია სახელმწიფო ორგანოებისათვის შესაძლებობის მიცემა, მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოს შეკრებისა ან/და მანიფესტაციის უფლების განხორციელება.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის სტრუქტურებს, უზრუნველყონ შეკრების მშვიდობიანად ჩატარება და კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. კერძოდ, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, "შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და ტრანსპორტის სავალი ალტერნატიული მარშრუტის განსაზღვრა", - წერს ენმ.

15 ნოემბერს, 14:00-ზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები მეტრო ავლაბართან შეიკრიბებიან. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ამის შემდეგ გაიმართება მსვლელობა და გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე.

კომენტარები