მიხეილ სააკაშვილი

ომბუდსმენი: შსს ოჯახის წევრებს დაკავებულთა ადგილსამყოფელს არ ატყობინებს

საქართველოს ომბუდსმენი, ნინო ლომჯარია შსს-ს მიერ სუს-თან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ოპოზიციის 46 აქტივისტის დაკავებას განცხადებით ეხმაურება.

განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატმა დღის განმავლობაში 23 დაკავებული მოინახულა. დაკავებულები მიუთითებენ დაკავების უსაფუძვლობაზე, თუმცა მათ არაფერი უთქვამთ პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის/ძალის გადამეტების ფაქტებზე და მხოლოდ ერთ პირს ჰქონდა გარკვეული დაზიანებები, რის შესახებაც უკვე ინფორმირებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

როგორც განცხადებაში წერია, შსს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს დაკავებულების ადგილსამყოფელის შესახებ არ ატყობინებდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სამწუხაროდ, კვლავ გააგრძელა ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, დაკავებულთა ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ან საერთოდ არ ატყობინებენ დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ. შესაბამისად, ადვოკატები ვერ ახერხებენ მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთა დროულ მონახულებას, მათთან გასაუბრებას და დაცვის სტრატეგიის შეთანხმებას. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადვოკატებისთვის ცნობილია დაკავებულთა ადგილსამყოფელი, მათ საათების განმავლობაში ექმნებათ დაბრკოლება დაკავებულებთან შეხვედრის პროცესში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია თითოეული პირის ოჯახის წევრსა თუ ადვოკატს დაკავებულების ადგილსამყოფელის შესახებ და მისცეს ადვოკატებს დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან შეუფერხებელი შეხვედრის შესაძლებლობა. ასევე, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამომავლოდაც, იმოქმედოს კანონის შესაბამისად და მოახდინოს დაკავებულების შესახებ შესაბამისი პირების სწრაფი ინფორმირება", - წერია განცხადებაში.


დილის 11:00 საათიდან საპროტესტო აქციები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 9 ნოემბრის აქციაზე დააანონსა. მისი თქმით, "ყოველდღე დილიდან ჩვენ კონკრეტული გეგმა გვექნება, ყოველი დღის ბოლოს მეორე დილის გეგმებს შეგატყობინებთ, რამდენიმე წერტილი იქნება, მაგრამ ყოველთვის იქნება ერთი წერტილი, რომელსაც არ შეგატყობინებთ და იმტვრიონ თავი ქართული ოცნების სპეცსამსახურებმა".

ენმ-ს თავმჯდომარის თქმით, ოპოზიცია გააკეთებს იმას, რასაც ტრადიციულად პოლიტიკოსები არ აკეთებდნენ – პროტესტის ერთ ადგილას მობილიზების ნაცვლად, მას რამდენიმე ადგილას გაშლიან და მასშტაბურ სახეს მისცემენ. 

"გავაკეთებთ იმას, რასაც ტრადიციულად პოლიტიკოსები არ ვაკეთებდით, იმას, რაც ატიპიურია ჩვენთვის. მიჩვეული ვიყავით ერთ წერტილში ბრძოლას, ამით ამოსუნთქვის საშუალებას ვაძლევდით ხელისუფლებას. ახლა გავაკეთებთ სხვანაირად. თანდათანობით ეს წერტილები და ლოკაციები გაიზრდება. გაიზრდება მართლაც, სანამ მთელი თბილისი არ იქნება მოცული საპროტესტო აქციებით". – ამბობს ნიკა მელია. 

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ არაფერი შეიცვლება, საპროტესტო აქციები გადაინაცვლებს საქალაქო სასამართლოსთან, სადაც 13:00 საათზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირველი სასამართლო პროცესი გაიმართება მას შემდეგ, რაც ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. 


მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ექსპრეზიდენტმა გლდანის ციხეში შესვლისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა. ამასთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, ასეთივე იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ბოლო დასკვნაც. ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე ადამიანს შიმშილობა აქვს გამოცხადებული, მათ შორისაა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც უკვე 7 დღეა, მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას იღებს და უარს ამბობს ნებისმიერ საკვებ დანამატსა, თუ გადასხმაზე. 

ამავე მოთხოვნით ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს მართავს. 

24 ოქტომბერს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია. 5 ნოემბერს ომბუდსმენის აპარატმა N18 დაწესებულება კიდევ ერთხელ შეამოწმა და განაცხადა, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამებოდა კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

კომენტარები