მიხეილ სააკაშვილი

"ჩაუტარდება ექსპერტიზა" – სააკაშვილთან სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებელი შევიდა

მიხეილ სააკაშვილთან გამოსაკითხად, გლდანის ციხის საავადმყოფოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი, გიორგი მიქელაძე შევიდა. 

მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს გამოკითხავენ და მას ჩაუტარდება ექსპერტიზა, რომელსაც სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე დაესწრება. 

"შეთანხმებული ვართ პენიტენციურ სამსახურთან და სააკაშვილის ადვოკატებთან, რომ მათთვის მისაღები ფორმით განხორციელდება მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა და შემოთავაზებულია ისეთი ფორმა, რაზეც ისინი თანხმობას აცხადებენ. ეს იქნება უშუალოდ კომუნიკაცია, რაც არ შექმნის ისეთ დისკომფორტს, რაც გუშინ იყო გამოწვეული.

ამ პროცესს დაესწრება სააკაშვილის ადვოკატი და გამომძიებელი ჩაატარებს გამოითხვას. დანიშნულია ექსპერტიზა, რომელიც უნდა ჩატარდეს დღეს, ახლა და მასში მონაწილეობას მიიღებს სააკაშვილის მოწვეული სპეციალისტი, პირად ექიმზე, ნიკოლოზ ყიფშიძეზე მაქვს საუბარი". - ამბობს მიქელაძე. 


მიხეილ სააკაშვილი 41-ე დღეა შიმშილობს. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ექსპრეზიდენტმა გლდანის ციხეში შესვლისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა. ამასთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, ასეთივე იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ბოლო დასკვნაც. ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე ადამიანს შიმშილობა აქვს გამოცხადებული, მათ შორისაა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც უკვე 6 დღეა, მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას იღებს და უარს ამბობს ნებისმიერ საკვებ დანამატსა, თუ გადასხმაზე. 

ამასთან, თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის აქცია გაიმართა, რომლის მოთხოვნაც სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა. აქციამ მოგვიანებით მთავრობის სახლთან გადაინაცვლა და ახლაც გრძელდება. 

24 ოქტომბერს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია. 5 ნოემბერს ომბუდსმენის აპარატმა N18 დაწესებულება კიდევ ერთხელ შეამოწმა და განაცხადა, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამებოდა კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

კომენტარები