მიხეილ სააკაშვილი

ბასილაია: ილუზია არ გვაქვს, რომ ხელისუფლება სააკაშვილს საზოგადოების წინაშე გამოაჩენს

"ილუზია იმის, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდეს საზოგადოების წინაშე, ამის ილუზია არ გვაქვს". - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თქვა. 

მისივე თქმით, ხელისუფლებას არ სურს, სააკაშვილმა საზოგადოებას პირდაპირ, სასამართლო დარბაზიდან მიმართოს, ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ ის სასამართლო დარბაზში არ წარსდგეს. 

"დღეს პირველ საათზე არის მიხეილ სააკაშვილის პროცესი ჩანიშნული. სასამართლოს ჰყავს გამოთხოვილი მიხეილ სააკაშვილი, შესაბამისად, არანაირი სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს, რომ ის სასამართლო პროცესს არ დაესწროს. აქ მოვედით, რომ გავიგოთ აპირებენ თუ არა სააკაშვილის გადაყვანას სასამართლოზე და თუ არ აპირებენ, ასეთ შემთხვევაში შევხვდებით. თუ გადაჰყავთ აქ არ შევხვდებით და სასამართლოზე ვნახავთ. თუმცა, ილუზია იმის, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდეს საზოგადოების წინაშე, ამის ილუზია არ გვაქვს. 

არგუმენტები არგადაყვანის უკვე მოვისმინეთ, რატი ბრეგაძეს პირდაპირი დირექტივა ჰქონდა სასამართლოს წინაშე, რომ პროცესები ჩატარებულიყო ციხეში. მათ არ სურთ, სააკაშვილი საზოგადოებას მიმართავდეს პირდაპირ, სასამართლო სხდომის დარბაზიდან და ყველაფერს გააკეთებენ, რომ რამე მიზეზი გამოჩხრიკონ". - ამბობს ბასილაია. 

დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული. საქმეს მოსამართლე ნინო ელეიშვილი განიხილავს. 

ადვოკატები ითხოვენ, რომ პროცესი სასამართლოში ჩატარდეს და მას თავად ექსპრეზიდენტიც დაესწროს. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, საქალაქო სასამართლომ მოითხოვა, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა შედგეს საქალაქო სასამართლოში და უნდა დაესწროს თავად ექსპრეზიდენტიც. მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ვალდებულები არიან, სასამართლოს ეს მოთხოვნა შეასრულონ. 


მიხეილ სააკაშვილი 41-ე დღეა შიმშილობს. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ექსპრეზიდენტმა გლდანის ციხეში შესვლისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა. ამასთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, ასეთივე იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ბოლო დასკვნაც. ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე ადამიანს შიმშილობა აქვს გამოცხადებული, მათ შორისაა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც უკვე 6 დღეა, მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას იღებს და უარს ამბობს ნებისმიერ საკვებ დანამატსა, თუ გადასხმაზე. 

ამასთან, თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის აქცია გაიმართა, რომლის მოთხოვნაც სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა. აქციამ მოგვიანებით მთავრობის სახლთან გადაინაცვლა და ახლაც გრძელდება. 

24 ოქტომბერს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია. 5 ნოემბერს ომბუდსმენის აპარატმა N18 დაწესებულება კიდევ ერთხელ შეამოწმა და განაცხადა, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამებოდა კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

კომენტარები