მიხეილ სააკაშვილის დაკავება

უგულავამ ციხის თანამშრომლის შვილისთვის მიმართვის გამო ბოდიში მოიხადა

ევროპული საქართველო

ოპოზიციურმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ციხის თამანშრომლის შვილისთვის მიმართვის გამო ბოდიში მოიხადა.

გიგი უგულავამ დღეს გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ციხის თანამშრომელის ვინაობა დაასახელა, რომელმაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, შეურაცხყოფა მიაყენა და ამ მის შვილებს მიმართა, რომ მათ და მათმა კლასელებმა უნდა იცოდნენ, რომ მამამისი ჯალათია.

"ამ ნაგვის, ვინც ხელი აღმართართა პრეზიდენტზე, უნდა იცოდეს მისი შვილის მეგობრებმა და კლასელებმა, რომ მამა ყავთ ჯალათი". – თქვა უგულავამ.

გიგი უგულავას ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) დამფუძნებლებმა, ანა აბაშიძემ და ანა არგანაშვიმა დაგმეს.

მოგვიანებით, უგულავამ, ბოდიშის მოხდამდე, ფორმულას ეთერში განმარტა, რომ "თანამედროვე სამყარო ასეა მოწყობილია" და ამბავი ყველამდე მივა – მეზობლამდე და ბავშვამდეც, – "როდესაც მე ვიტყვი, რომ გივი ორდენიძე არის ჯალათი, რომელსაც დავალებული აქვს, რომ აწამოს საქართველოს პრეზიდენტი გლდანის ციხეში, ის მივა მის მეზობლამდე, ბავშვამდეც მივა და ეს უნდა გააცნობიეროს, ისევე, როგორც ჩემი და თქვენი შვილებიც მუდმივი პრესის, ღვარძლის ნიაღვარის ქვეშ არიან. ეს უნდა გვესმოდეს, რომ ეს ასეა და იმ ორდენიძესაც უნდა ესმოდეს, რომელიც იქ მიდის ნიღბით და სახეს მალავს, მაგრამ სიმანდვილეში უნდა იცოდეს ყველამ, მეზობელმაც და შვილმაც. თუ ადამიანი არის ჯალათი და მალავს სახეს, საზოგადოებამ სააშკარაოზე უნდა გამოიყვანოს და ბავშვიც გაიგებს, დიდიც და მეზობელიც". – თქვა უგულავამ.

კრიტიკის შემდგომ კი, ოპოზიციურმა ლიდერმა საკუთარ Facebook გვერდზე ბოდიში მოიხადა და დაწერა:

"ჩემმა დღევანდელ მიტინგზე ნათქვამმა სიტყვებმა გულისწყრომა გამოიწვია - მათ შორის, ჩემთვის საპატივცემულო ხალხის.

კრიტიკას ვიღებ და ბოდიშს ვიხდი. დეტალებში არ შევალ. სჯობს ეს საკითხი არ განვიხილოთ და მოჭრილად ვთქვათ - რომ ბავშვებს გავეშვათ

პირიქით, ყველა ბავშვი უნდა დავიცვათ ღვარძლისა და სიძულვილისგან, რომელიც დღეს ქვეყანაში ტრიალებს და თანამედროვე ინფორმაციული სამყაროს თავისებურებების გამო, მათი ცხოვრების ნაწილი ხდება".

კომენტარები