მიხეილ სააკაშვილი

გვარამია: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, სააკაშვილს შეზღუდული აქვს ეფექტური დაცვის უფლება

ასე რომ გამოვიყურებოდე [სამედიცინო ეკიპირებით] და 50 მ-დან დამინახოთ, მიხვდებით, რომ მე ვარ? აი, ყველა კორპუსის პატიმარი მიხვდა, რომ მე ვიყავი, სანამ შევიდოდი. პირობას ვიძლევი, რომ ჩემი ცოლი ვერ მიცნობდა ამ ტანსაცმელში. შესაბამისად, გინება, რომელიც მოწყობილია ციხის ადმინისტრაციის მიერ, ასე მარტივად იშიფრება. ეს ერთი. მეორე, გინება გრძელდება მუდმივად, ამას შეესწრო ინსპექტორის ოფისის წარმომადგენელი. ძალიან კვალიფიციური ორი ადამიანი, მინდა, ვთქვა და იმედი მაქვს, ამას ასახავენ თავიანთ ანგარიშებში. გინება ისმის ასევე იმ ოთახში, სადაც ჩვენ შეგვიყვანეს. 

მიხეილ სააკაშვილს, უპირველეს ყოვლისა, ეფექტურად წართმეული აქვს დაცვის განხორციელების უფლება. ჩვენ არ გვაქვს ეს შესაძლებლობა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, მოგეხსენებათ. ის მარტივად არ გადაადგილდება. ჩვენ არ გვიშვებენ მასთან პალატაში. ახლა წარმოიდგინეთ, რა სიტუაცია იყო. უნდა ჩამოვიდეს 5 სართულს მიხეილ სააკაშვილი, შემოვიდეს ოთახში, იქით არის ხმაგაუმტარი მინა, ჩემთან ერთად არის მეორე ადვოკატი და სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებელი. მე მელაპარაკება ტელეფონით, მერე მე ვეუბნები სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელს ან მეორე ადვოკატს, მერე ის მეუბნება კითხვას, მერე უნდა დავუსვა მე მას კითხვა და ა.შ. ეს პროცედურა არ ჩატარებულა, იმიტომ, რომ ასე ფაქტების დადგენა არის შეუძლებელი. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატების კომუნიკაცია ეფექტურად არის შეზღუდული. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. 

მეორე, ამ გინების და ა.შ. ფონზე, მე ხომ მიცნეს ასეთი ეკიპირებით და იგინებოდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ქალბატონი გიული ალასანია რომ მოვიდეს, ზუსტად იგივე გზა უნდა გაიაროს. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მან ან სააკაშვილის არასრულწლოვანმა შვილებმა გაიარონ ეს გზა. არ არის მარტივი ადვოკატებისთვისაც, სხვათა შორის. ყველა ადვოკატი ერთი და იგივე არ არის, ასე ვიტყოდი. ვიღაცისთვის ეს პირველი გამოცდილებაა, ჩემთვის არა. ადვოკატი ამ სტრესის მერე რომ შედის მის დასაცავ პირთან, რომელიც ასევე სტრესშია, თვითონაც სტრესი შეაქვს, რეალურად მისი პროფესიული უნარები ქვეითდება, იმიტომ, რომ ჯოჯოხეთის გავლას ჰგავს ეს ყველაფერი იმ ადამიანისთვის, ვინც ამას მიუჩვეველია. ეს არ არის მარტივი. 

პლუს ამას, შედის ადვოკატი, პალატაში ხომ სულ ისმის გინების ხმა და მიხეილ სააკაშვილი იძულებულია, რომ ტელევიზორის ხმას აუწიოს, რომ არ ესმოდეს და ქვემოთაც, სადაც დაკითხვების ოთახია, იქაც ჩვეულებრივად ისმის. ეს არის უწყვეტი. დღეს, ალბათ, ინსპექტორების ხათრით შეწყვიტეს, მაგრამ მუდმივად არის ეს ხმაური ღამის განმავლობაშიც. 

ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში 8 ნოემბერს გადაიყვანეს და მას პატიმრების გინების მოსმენა უწევს. ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო. 

კომენტარები