მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მელია: ხვალ, 11:00-ზე აქცია გაიმართება ჯანდაცვასთან, იუსტიციასთან, სუს-თან

ნიკა მელია
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ცნობით, 10 ნოემბერს, დილის 11:00 საათიდან საპროტესტო აქციები გაიმართება 4 სხვადასხვა ადგილას – ჯანდაცვის სამინისტროსთან, იუსტიციის სამინისტროსთან და ე.წ მოდულის შენობასთან (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური).

მეოთხე ადგილს ოპოზიციური ლიდერი არ ასახელებს და ამბობს, რომ ეს ბრძოლის ახალი სტრატეგიის ნაწილია. 

"ყოველდღე დილიდან ჩვენ კონკრეტული გეგმა გვექნება, ყოველი დღის ბოლოს მეორე დილის გეგმებს შეგატყობინებთ, რამდენიმე წერტილი იქნება, მაგრამ ყოველთვის იქნება ერთი წერტილი, რომელსაც არ შეგატყობინებთ და იმტვრიონ თავი ქართული ოცნების სპეცსამსახურებმა". – თქვა ნიკა მელიამ. 

ენმ-ს თავმჯდომარის თქმით, ოპოზიცია გააკეთებს იმას, რასაც ტრადიციულად პოლიტიკოსები არ აკეთებდნენ – პროტესტის ერთ ადგილას მობილიზების ნაცვლად, მას რამდენიმე ადგილას გაშლიან და მასშტაბურ სახეს მისცემენ. 

"გავაკეთებთ იმას, რასაც ტრადიციულად პოლიტიკოსები არ ვაკეთებდით, იმას, რაც ატიპიურია ჩვენთვის. მიჩვეული ვიყავით ერთ წერტილში ბრძოლას, ამით ამოსუნთქვის საშუალებას ვაძლევდით ხელისუფლებას. ახლა გავაკეთებთ სხვანაირად. თანდათანობით ეს წერტილები და ლოკაციები გაიზრდება. გაიზრდება მართლაც, სანამ მთელი თბილისი არ იქნება მოცული საპროტესტო აქციებით". – ამბობს ნიკა მელია. 

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ არაფერი შეიცვლება, საპროტესტო აქციები გადაინაცვლებს საქალაქო სასამართლოსთან, სადაც 13:00 საათზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირველი სასამართლო პროცესი გაიმართება მას შემდეგ, რაც ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. 

ნიკა მელიამ მოქალაქეებს მოუწოდა, გუშინდელი დღის მსგავსად, საქალაქო სასამართლოსთანაც სიმშვიდე გამოიჩინონ, ვინაიდან, მისივე განმარტებით, ამ სიმშვიდემ გაზარდა პროტესტის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა. 

"გუშინდელმა ჩვენმა სიმშვიდემ, გუშინდელმა თქვენმა სიბრძნემ მოგვიტანა ის, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა დრამატულადაა გაზრდილი, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილისადმი, ამ პროცესისადმი და ზოგადად, ამ საპროტესტო მოძრაობას ლეგიტიმაცია უფრო გაუზარდა. ამასაც შემთხვევით არ გეტყოდით და ამაშიც დარწმუნდებით მომდევნო დღეებში". – თქვა ნიკა მელიამ. 


მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ექსპრეზიდენტმა გლდანის ციხეში შესვლისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა. ამასთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, ასეთივე იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ბოლო დასკვნაც. ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე ადამიანს შიმშილობა აქვს გამოცხადებული, მათ შორისაა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც უკვე 7 დღეა, მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას იღებს და უარს ამბობს ნებისმიერ საკვებ დანამატსა, თუ გადასხმაზე. 

ამავე მოთხოვნით ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს მართავს. 

24 ოქტომბერს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია. 5 ნოემბერს ომბუდსმენის აპარატმა N18 დაწესებულება კიდევ ერთხელ შეამოწმა და განაცხადა, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამებოდა კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

კომენტარები