2021 წელს გარდაცვლილები

გელა ჩარკვიანი გარდაიცვალა

Radioway

  

82 წლის ასაკში დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი შვილი თეონა ჩარკვიანი ავრცელებს.

დაიბადა 1939 წელს, საქართველოს კომუნისტური პარტიის ლიდერის, კანდიდ ჩარკვიანისა და ოფთალმოლოგ თამარ ჯაოშვილის ოჯახში. 1963 წელს დაამთავრა უცხო ენათა ინსტიტუტი. 1970 წელს გაიარა ასპირანტურა აშშ-ში. 1976-1994 წლებში მიჰყავდა საავტორო გადაცემა საქართველოს ტელევიზიის(შემდგომში პირველი არხი) ეთერში. 1982-1992 წლებში იყო საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ვიცე-პრეზიდენტი. 80-იან წლებში აქტიურად იყო ჩართული ამერიკის შტატ ჯორჯიასა და საქართველოს შორის კავშირების ჩამოყალიბებაში. 90-იანი წლების დასაწყისში ქალაქ ატლანტაში მისი ინიციატივით გაიმართა დღესასწაული თბილისობა. 1992-2003 წლებში იყო საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი საგარეო საკითხებში. 2006-2011 წლებში იკავებდა დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს ელჩის პოსტს. 

ახალგაზრდობიდან დაინტერესებული იყო მუსიკითა და ლიტერატურით. 2001 წელს გამოსცა საკუთარი მინიატურების კომპაქტ დისკი. ავტორია წიგნებისა ნაგერალა, ნაგერალა 2, ნაგერალა 80, ნაცნობ ქიმერათა ფერხული. ჩარკვიანის რედაქტირებით გამოიცა წიგნი სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდები, რომელიც მამის, კანდიდ ჩარკვიანის დღიურებსა და მოგონებებს ეფუძნება.

ჩარკვიანი დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა (1998), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითა (2011) და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით (2013). არის თბილისის საპატიო მოქალაქე.

ცოლთან ნანა თოიძესთან ჰყავდა ორი შვილი – ალტერნატიული ქართული სცენის ცნობილი მუსიკოსი ირაკლი ჩარკვიანი და ბალერინა თეონა ჩარკვიანი. 

კომენტარები