ყიფშიძე: კონსილიუმმა გადაწყვიტა, რომ სააკაშვილი გადაუდებლად უნდა გადაიყვანონ კლინიკაში

ნიკოლოზ ყიფშიძე
ფორმულა

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ  სააკაშვილის ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ კონსილიუმის გადაწყვეტილებით, სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ მრავალპროფილურ კლინიკაში. 

მიხეილ სააკაშვილი ექიმებს არ უნახავთ. ყიფშიძის თქმით, მათთან შეხვედრაზე უარი თავად სააკაშვილმა თქვა. ექიმებმა გადაწყვეტილება ანალიზის პასუხების ნახვის შემდეგ მიიღეს. 

"კონსილიუმმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავადმყოფი გადაყვანილი იქნეს გადაუდებლად მაღალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში, გლდანი არ წერია, მაღალპროფილურ სამოქალაქო დაწესებულებაში.

მონაცემები ზოგი კარგი იყო, ზოგი ცუდი, მდგომარეობა უფრო ცუდია გუშინდელთან შედარებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ ავადმყოფი არ გვინახავს. ჩვენ გვითხრეს, რომ მიხეილ სააკაშილს კონსილიუმთან შეხვედრა არ უნდა. მე იმიტომ ვერ შევხვდი, რომ მითხრეს, ბევრი მნახველიაო".- ამბობს ექიმი. 


მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს და შეწყვეტაზე უარს ამბობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს

მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს, თუმცა, იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, პატიმარი ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს. ამის დასადასტურებლად, პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დახმარების ოთახში მინერალების შემცველ პიურეებს იღებს. ეს კადრების გასაჯაროებამდე სახალხო დამცველის განცხადებაშიც ეწერა, კერძოდ,  ომბუდსმენის ცნობით, "30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს. ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით".

6 ნოემბრის დილით მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად, უარი თქვა არამხოლოდ წვენზე, არამედ, "მინერალზე, ვიტამინზე (გლუკოზის აბებზე), რაც ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებას ემსახურებოდა".

კომენტარები