მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მეუფე ნიკოლოზი: სააკაშვილმა მიიღო წმინდა ზიარება, მე ვაზიარე

პალიტრანიუსი/კადრი ვიდეოდან

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა, საქართველოს ექსპრეზიდეტნი მიხეილ სააკაშვილი ციხეში კიდევ ერთხელ მოინახულა და აზიარა. როცორც მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, ის "ღირსეულად ეზიარა".

"ეს არის ისტორიული დღე. მიხეილ სააკაშვილმა მიიღო წმინდა ზიარება, მე ვაზიარე. ფიზიკურად ეს არის პატარა ნამცეცი, სულ პატარა ნამცეცი, რომელიც არის ქრისტეს ხორცი გაჟღენთილი ქრისტეს სისხლით და მან ეს მიიღო".- ამბობს მიტროპოლიტი. 

მიტროპოლიტი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა დიდი ღვაწლი გაწია და მას თანამედროვე ისტორიაში მსგავსი ფაქტი არ ახსენდება. მიტროპოლიტი სააკაშვილის "ღვაწლს" დავით აღმაშენებელს და დემეტრე თავდადებულს ადარებს". 

"ეს არის მსხვერპლი, რომელიც მან გაიღო ქვეყნის თავისუფლებისთვის, ქვეყნის გაძლიერებისთვის და კიდევ იცით რისთვის? რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს და სამუდამოდ დავივიწყოთ ერთმანეთის მიმართ სიძულვილის ენა. თანამედროვე რეალობაში, მე ასეთი მაგალითი არ მახსენდება, რომ ქვეყნის პირველი პირი, ნებაყოფლობით, აი, ასეთნაირად - დიდი ღვაწლია, მამები აკეთებდნენ ასეთ რამეს. მარხვის შენახვა უჭირს ხალხს და 40 დღე ასე მშრალი მარხვის შენახვა, აღსარება და ზიარება, ეს არის, ჩემი აზრით, ძალიან დიდი ღვაწლი. მე შემიძლია ისტორიული მაგალითები დავასახელო მხოლოდ, თანამედროვე ცხოვრებაში მე ასეთი მაგალითი არ ვიცი. ასეთი იყო დავით მეფე, მეფსალმუნე, რომელმაც ცოდვა ჩაიდინა და ფსალმუნი დაგვიტოვა. ეს იყო დავით მეფე აღმაშენებელი, რომელმაც გალობანი სინანულისანი შექმნა, იმიტომ რომ უცოდველი არავინაა და მასაც დიდი ცოდვები ჰქონდა საკმაოდ. ბოლოს ეს იყო დემეტრე თავდადებული, ჩვენი სათაყვანო მეფე, რომელიც ძალიან მძიმე ცოდვებით იყო, სამწუხაროდ, ეს ისტორიაშიც აღწერილია და თავისი ცოდვები მოწამეობრივი სისხლით ჩამოირეცხა".- აცხადებს მიტროპოლიტი ნიკოლოზი. 


ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, პირველი ოქტომბრიდან შიმშილობს, თუმცა, იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, პატიმარი ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს. ამის დასადასტურებლად, პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დახმარების ოთახში მინერალების შემცველ პიურეებს იღებს. ეს კადრების გასაჯაროებამდე სახალხო დამცველის განცხადებაშიც ეწერა, კერძოდ,  ომბუდსმენის ცნობით, "30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს. ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით".

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ფოტომასალისა და ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო.

6 ნოემბრის დილით მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად, უარი თქვა არამხოლოდ წვენზე, არამედ, "მინერალზე, ვიტამინზე (გლუკოზის აბებზე), რაც ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებას ემსახურებოდა".

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს – დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და ჟურნალისტმა გიგლა თუმანიშვილმა ამის გამო შიმშილობაც დაიწყეს. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით კი, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და მისი სტაციონარში მოთავსების აუცილებლობა არ დგას. ამასთან, ხელისუფლება აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ექსპრეზიდენტს გლდანის ციხის საავადმყოფოში უმკურნალებენ, რაზეც მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს.

კომენტარები