მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილი: კადრების გამოქვეყნებით ვერაფერი დამაკლეს, ყველა დარწმუნდა, რომ ვშიმშილობ

სპეციალური პენინტენციური სამსახური

საქართველოს ექსპრესზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება. 

სააკაშვილის განცხადება FACEBOOK-ზე ვრცელდება, სადაც ის აღნიშნავს, რომ მედპუნქტში ექიმებისგან კონსილიუმის გამოწერილ მინერალურ და მიკროელემენტურ დანამატებს იღებდა, რაც წონის კლების პირობებში, აუცილებელია სასიცოცხლო მაჩვენებლების, პულსის, გულისცემის და მინიმალური გლუკოზის მისაღებად.

"სამედიცინო კაბინეტში საჭმელად არავინ დადის, იქ სამედიცინო მანიპულაციას უტარებენ პაციენტებს. სამედიცინო კაბინეტში ოფიციალურად აყენია ვიდეოკამერები, ოღონდ არა გამოქვეყნების, არამედ უსაფრთხოების მიზნით. რა თქმა უნდა, ვიცოდი რომ იწერდნენ და სხვა თუ არაფერი, ეს კიდევ აბსურდულს ხდის ამ ვიდეოკადრებს.

ამას გარდა, ყველაფერზე, რასაც ციხეში ვიღებ, აქაური წესებით ხელს ვაწერ და ამ კონკრეტულ "კონსერვებზე", რომელთა ფოტო აჩვენეს, ხელი არ მომიწერია და არც მინახავს. არც მაგიდაზე ან სადმე სხვაგან არ ჩანს ეს ქილები, არადა თვალთვალის კამერები ძალიან თანამედროვეა და შეეძლოთ ადვილად დაეზუმათ და ეჩვენებინათ".- აცხადებს სააკაშვილი. 

მისივე თქმით, საკვების მიღება შესაძლებელია მხოლოდ საკანში და მეტი არსად, ხოლო სამედიცინო ოთახში შეგიძლია მიიღო მხოლოდ ექიმების მიერ გამოწერილი მედიკამენტები, სხვადასხვა ფორმით - ტაბლეტის, გადასხმის თუ სითხის სახით და სწორედ ამგვარი განმარტება მიიღო ყველა გამოქვეყნებულ შემთხვევაში, რომ წამლებს იღებდა. 

"კადრების სრულიად სამარცხვინო და დანაშაულებრივი გამოქვეყნებით, მე ნამდვილად ვერაფერი დამაკლეს. უფრო, პირიქით, ყველა დარწმუნდა, რომ ნამდვილად ვშიმშილობ და, რბილად რომ ვთქვათ, საუკეთესო ფორმაში არ ვიმყოფები. ამ კადრების გამოქვეყნებით უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენეს ციხის სამედიცინო პერსონალს, რომელთაც დღეს მე განმიცხადეს, რომ დღემდე არ დამირღვევია შიმშილობის ნორმები და ის, რასაც ვიღებ ექიმის დანიშნულებით, არ წარმოადგენს კვებას. იგივე უთხრეს სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც, რაც აისახა კიდეც მის დღევანდელ დასკვნაში.

ყველაფერი ზემოთაღნიშნულის ფონზე, შაბათ დილიდან უკვე არ ვიღებ აღარანაირ დანამატს, რომელზეც წერილობითი თანხმობა მქონდა მიცემული კონსილიუმისთვის. ახლა ჩემი მდგომარეობა ისედაც ყოველდღე უარესდებოდა და ალბათ, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება მოვლენები. მიუხედავად ამისა, ამოუწურავია ჩემი რწმენა, რწმენა გამარჯვების და თავისუფლების. განსაკუთრებით, ციხესთან დღევანდელი უპრეცედენტო სოლიდარობის აქციის შემდეგ, რისთვისაც მადლობას ვუხდი თითოეულ იქ მყოფს.

და მთავარი, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი უპირველესი ამოცანა, ოლიგარქის მიერ მიტაცებული ხელისუფლების დაბრუნებაა მისი ჭეშმარიტი და ერთადერთი მფლობელის, ქართველი ხალხისთვის. ამიტომ, არ უნდა დაგვავიწყდეს, მათ შორის, ჩემმა საკითხმაც არ უნდა შეგვიცვალოს მთავარი ფოკუსი - მოპარული არჩევნების დაბრუნება და ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშორება ქვეყნის მართვის სადავეებიდან!"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 


ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, პირველი ოქტომბრიდან შიმშილობს, თუმცა, იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, პატიმარი ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს. ამის დასადასტურებლად, პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დახმარების ოთახში მინერალების შემცველ პიურეებს იღებს. ეს კადრების გასაჯაროებამდე სახალხო დამცველის განცხადებაშიც ეწერა, კერძოდ,  ომბუდსმენის ცნობით, "30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს. ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით".

6 ნოემბრის დილით მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად, უარი თქვა არამხოლოდ წვენზე, არამედ, "მინერალზე, ვიტამინზე (გლუკოზის აბებზე), რაც ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებას ემსახურებოდა".

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს - დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და ჟურნალისტმა გიგლა თუმანიშვილმა ამის გამო შიმშილობაც დაიწყეს. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით კი, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და მისი სტაციონარში მოთავსების აუცილებლობა არ დგას. ამასთან, ხელისუფლება აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ექსპრეზიდენტს გლდანის ციხის საავადმყოფოში უმკურნალებენ, რაზეც მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს.

კომენტარები