იუსტიციის უმაღლესი საბჭო

სააპელაციოს მოსამართლე: ვემიჯნები პატიმარი პაციენტის მიმართ დისკრიმინაციას, დაუშვებელია

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას გაემიჯნა. ამის შესახებ მოსამართლემ FACEBOOK-ზე დაწერა. 

"სრულად ვიზიარებ და ვუერთდები ჩემი კოლეგების პოზიციას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების განუზომელი როლის შეფასებაში დემოკრატიული ინსტიტუტების და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნისაკენ სწრაფვაში.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციის დასაფიქსირებლაფ უკომენტაროდ გთავაზობთ გაეროს პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტის ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს წესს:

  • ციხის ხელმძღვანელობამ უნდა დაიცვას მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი პატიმრების ჯანმრთელობა;
  • პატიმრებთან მიმართებაში ჯანდაცვის პოლიტიკა უნდა იყოს ინტეგრირებული და ეთავსებოდეს ეროვნული ჯანდაცვის პოლიტიკას;
  • პატიმრებს უნდა მიუწვდებოდეთ ხელი ქვეყანაში არსებულ ჯანდაცვის სამსახურებზე მათი სამართლებრივი მდგომარეობის საფუძველზე დისკრიმინაციის გარეშე;
  • დაუშვებელია პაციენტის დისკრიმინაცია პატიმრობის ნიშნით.

ვემიჯნები და დაუშვებელად მიმაჩნია პაციენტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნებისმიერი გამოვლინება".- წერს მოსამართლე. 

კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას 17 მოსამართლე გაემიჯნა. კომიტეტმა განცხადებით უპასუხა 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრის დანიშვნის შესახებ დიპლომატებისა და სამოქალაქო სექტორის კრიტიკას, რომლებმაც პროცესს გაუმჭვირვალე, ნაჩქარევი და არადემოკრატიული უწოდეს.

4 ნოემბერს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრის არჩევის შესახებ დიპლომატიური კორპუსის კრიტიკას უპასუხა. კომიტეტი ელჩებს ვენის კონვენციას 41-ე მუხლს ახსენებს, რომლის თანახმადაც, ვალდებულები არიან არ ჩაერიონ ქვეყნის საშინაო საქმეებში. განცხადების ავტორები შეფასებებს გადაჭარბებულს, დაუსაბუთებელს და წინააღმდეგობრივს უწოდებს.

31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორი მოსამართლე წევრის დანიშვნას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც გამოეხმაურა, რომელიც თვლის, რომ წევრთა დანიშვნის პროცესი არც კონკურენტული იყო და არც გამჭვირვალე.

მოსამართლეთა დანიშვნას გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც, რომელიც წერს, რომ დანიშვნები ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული იყო.

31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ XXX კონფერენციაზე ორი ახალი მოსამართლე წევრი აირჩია. კონფერენციამდე უფლებამოსილება ვადამდე შეიწყვიტა საბჭოს ორმა მოქმედმა წევრმა, თამარ ონიანმა, რომელსაც უფლებამოსილება 2022 წლის 24 მარტს ეწურებოდა და თეა ლეონიძემ, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ზუსტად ერთი წლის წინ იქნა არჩეული.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) მიიჩნევს, რომ წევრთა დანიშვნა წარმოადგენს სასამართლოში არსებული კლანის წარმატებულ მცდელობას, სხვა საკითხებზე მიმართული საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე დააკომპლექტოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მისთვის სანდო და ლოიალური მოსამართლეებით და მომდევნო წლების განმავლობაში გარანტირებულად შეინარჩუნოს გავლენა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე.

 

კომენტარები