აშშ-რუსეთი

რუსეთი აშშ-ს მოუწოდებს საელჩოში თანამშრომლების რაოდენობა გაზარდოს

სერგეი რიაბკოვი

რუსეთი აშშ-ს მოუწოდებს მოსკოვში აშშ-ს საელჩოში თანამშრომლების რაოდენობა გაზარდოს, რათა ვიზის გაცემის მომსახურება განახლდეს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა ისაუბრა.

ვაშინგტონში საუბრისას რიაბკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთში აშშ-ს დიპლომატიური მისია იმდენადაა შემცირებული, რომ აშშ-ს წარმომადგენლობას საბაზისო საკონსულო მომსახურების მიწოდებაც კი არ შეუძლია რუსეთის მოქალაქეებისთვის. აშშ-ს დიპლომატიური წარმომადგენლობის შემცირება რუსეთის მიერ დაწესებული აკრძალვების გამო მოუწია.

"მოვუწოდებთ აშშ-ს გააძლიეროს თავისი წარმომადგენლობა მოსკოვში და გამოგზავნოს ახალი თანამშრომლები, რათა მეტნაკლებად ნორმალურ რეჟიმში საკონსულო მომსახურება მაინც იყოს ხელმისაწვდომი რუსეთში" - თქვა რიაბკოვმა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთი იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, სადაც აშშ-ს საკონსულო წარმომადგენლობა არ ჰყავს ან სადაც "პოლიტიკური და უსაფრთხოების მდგომარეობა დაძაბულია ან იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ საკონსულოს საიმიგრაციო ვიზების გაცემის შესაძლებლობა ეზღუდება. ამ სიაში ისეთი ქვეყნები არიან, რომელთაც აშშ-ს ან საერთოდ არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობა, ან ეს ურთიერთობა ძალიან დაძაბულია, მაგალითად კუბა, ირანი, სირია, იემენი, ვენესუელა.

შედეგად აშშ-ს საელჩომ მოსკოვში საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეწყვიტა. რუსეთის მოქალაქეები იძულებული იქნებიან ვიზის მისაღებად ვარშავაში მიმართონ აშშ-ს საელჩოს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული მხარე გააფრთხილა, რომ, შესაძლოა, 2022 წლისთვის საელჩოს ძირითადი საქმიანობის შეწყვეტა მოუწიოს.

აშშ-ს მიერ სანქციების ფარგლებში რუსი დიპლომატების გაძევების და საპასუხოდ რუსეთიდან ამერიკელი დიპლომატების გაძევების გამო ორივე ქვეყანაში წარმომადგენლობითი მისიები შემცირდა.

რუსეთმა აშშ არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანა. რის შემდეგაც აშშ-ს საელჩოს რუსეთის ან მესამე ქვეყნის მოქალაქეების დაქირავება აეკრძალა. აშშ იძულებული იყო რუსეთის საელჩოსა და საკონსულოებში დასაქმებული 200 ადგილობრივი თანამშრომელი სამსახურიდან გაეთავისუფლებინა.

ამჟამად რუსეთში აშშ-ს დიპლომატიურ მისიაში 120 ადამიანია დასაქმებული. 2017 წელს მათი რაოდენობა 1 200 შეადგენდა.

კომენტარები