კრიმინალი

პროკურატურა: კაცს, რომელმაც ცოლი 4-5 საათის განმავლობაში აწამა, 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

flickr

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლის წამებაში ბრალდებულს  9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ძალადობის, წამების და მუქარის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

"დადასტურდა, რომ 2021 წლის 24 თებერვალს, ბრალდებულმა, საკუთარ სახლში, იმ მიზეზით, რომ თითქოს მის მეუღლეს არ ჰქონდა მამრობითი სქესის მეგობრების ყოლის, მათთან მიმოწერის და საკუთარი ფულადი სახსრების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ცოლი აწამა.

ბრალდებული ღალატის ფაქტის აღიარების მიზნით, მეუღლეზე 4-5 საათის განმავლობაში ფიზიკურად ძალადობდა, სცემდა მას და აწამებდა. წამების შემდეგ, ბრალდებულმა დაზარალებული წაიყვანა მშობლების სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდა მეუღლის ძმას, მამას და იარაღის დემონსტრირებით და გასროლით, დაზარალებულის ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა" - აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2021 წლის 25 თებერვალს შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალი ექვსი მუხლით (წამება, ძალადობა, მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ცემა და ოჯახში ძალადობა) წარედგინა.

კომენტარები