მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მელია: სანამ მთავარ მიზანს არ მივაღწევთ, რუსთავის ციხესთან აქცია არ დასრულდება

"რუსთავის ციხესთან დღეს დაიწყება აქცია და არ დასრულდება მანამ სანამ მთავარ მიზანს არ მივაღწევთ".- ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ბათუმში მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. 

მისი თქმით, მოკლე ვადაში უნდა მოხერხდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა და სამოქალაქო კლინიკაში მისი გადაყვანა. ნიკა მელია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერს იზამს. 

"ჩვენი მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილი, ეს არის ვალდებულება. მე ჩემდათავად, კიდევ ერთხელ აქ ვდებ ფიცს, რომ ვიბრძოლებ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მის გასათავისუფლებად, რაც არ უნდა ძვირად დამიჯდეს ეს. სიცოცხლის დათმობის ფასადაც რომ დამიჯდეს. დიახ, ეს ყველაფერი მოხდება. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც გადავარჩენთ და მასაც გავათავისუფლებთ. იმიტომ რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, ღარიბაშვილის, ივანიშვილის, გომელაურების და ლილუაშვილების გასასამართლებელი ამ სახლემწიფოს არ ჰყავს. 

მე უფრო უპირატესი ამოცანა, ამ ვითარებაში არ მაქვს. ვალდებული ვარ, ბევრი რაღაცა სხვადასხვაგვარად განვსაზღვრო. უდიდესი პასუხიმგებლობა მაქვს თქვენთან ერთად, მაგრამ ძალიან გთხოვთ რომ დაიჯეროთ, რომ მთავარი ამოცანა სანამ მიღწეული არ იქნება, ჩვენ ერთმანეთს მოსვენებას არ მივცემთ".- ამბობს ნიკა მელია. 

ბათუმში ოპოზიციის საპროტესტო აქცია იმართება. ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებსა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას აპროტესტებენ. 

აქცია იმართება რუსთავის მე-12 სასჯელაღსურლების დაწესებულებასთან. 

ერთრიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ანა წითლიძის ინფორმაციით, ხვალ, 3 ნოემბერს, ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართება. ზუგდიდში აქცია 20:00 საათზე დაიწყება. 

კომენტარები