მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სამადაშვილი: ფრაქცია სხდომებს არ დაესწრება, თუ მთავრობა სააკაშვილის ჯანმრთელობას არ დაიცავს

დეპუტატის, სალომე სამადაშვილის თქმით, ფრაქცია ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის პარლამენტის პლენარულ სხდომებს არ დაესწრება მანამ, სანამ, მისივე სიტყვებით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ დაიცავს. 

"ისტორიას არ რჩება დეტალები, არავის არ ემახსოვრება, რა ბრალდებებით არის დღეს დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ჩვენს ძალიან რთულ პოლიტიკურ ისტორიას შავ ფურცლად დარჩება მიხეილ სააკაშვილის შემდგომი გაუარესება და საფრთხე, რომელიც მის სიცოცხლეს ემუქრება. მიგვაჩნია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის და მისი სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფა დღეს არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მთავარი ვალდებულებაა. შესაბამისად, ჩვენთვის არის უკიდურესად შემაშფოთებელი ის დამოკიდებულება, რასაც დღეს ხელისუფლება ავლენს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისითი. მერწმუნეთ, რომ ჩვენს ისტორიას აქვს ძალიან მძიმე გამოცდილება და ჩვენს ქვეყანას არ აქვს რესურსი, რომ გადაიტანოს კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც უკავშირდება ჩვენი სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს და იმ ადამიანს, რომელმაც ძალიან უთანასწორო ბრძოლა გამოუცხადა რუსეთს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, ჩვენი დასავლური მომავლის უზრუნველსაყოფად. 

ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის ფრაქცია დღეს აცხადებს, რომ ჩვენ ვიყენებთ ჩვენთვის მონიჭებულ უფლებას საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს რეგლამენტით და ვაცხადებთ, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას პარლამენტის პლენარული სხდომების მუშაობაში, სანამ სახელმწიფო და ხელისუფლება არ უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ადეკვატურ დაცვას და არ გაანეიტრალებს ყველა საფრთხეს, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს მის სიცოცხლეს. ფრაქციამ ამის შესახებ დღეს პარლამენტს ოფიციალურად მიმართა და მსურს, რომ ხელისუფლებამ, ისევე, როგორც საერთაშორისო პარტნიორებმა, მიიღონ ჩვენი პოლიტიკური ბოიკოტის შესახებ განაცხადი, როგორც ძალიან სერიოზული გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა შედის უმძიმეს კრიზისში და მოითხოვს შესაბამის რეაგირებას როგორც ხელისუფლების, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან". - თქვა სალომე სამადაშვილმა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 33-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.   

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მკურნალობას ციხის საავადმყოფოში არ გააგრძელებს, თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამტკიცებენ, რომ ექსპრეზიდენტს მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ და არა კერძოში. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. 

მიხეილ სააკაშვილმა 1-ელ ნოემბერს თანამებრძოლებს მოუწოდა, რომ პარლამენტი დატოვონ. საკანონმდებლო ორგანოს დატოვებაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღეს ნონა მამულაშვილმა, ანი წითლიძემ, ლევან ვარშალომიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ. 

კომენტარები