არჩევნები 2021

კაჭკაჭიშვილი: "არანაცურმა" ოპოზიციამ უნდა მოძებნოს ერთმანეთთან დაახლოების გზები

ჩემი ზოგიერთი მოსაზრება ოპოზიციის მომავალზე:

2016 წლის შემდეგ, "არანაცური" ოპოზიციის ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგია იყო ნაციონალური მოძრაობის მემკვიდრეობით მიღებული უარყოფითი ეფექტის განეიტრალება, მასთან თანამშრომლობის გზით (პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ასეა).

ანუ, ნაციონალური მოძრაობის გავლენა იყო მოცემულობა, ხოლო სხვა პატარა პარტიებს მოსაღონიერებლად დროითი და სხვა რესურსები არ გააჩნდათ, ისინი ცაიტნოტში აღმოჩდნენ და ნაცებთან თანამშრომლობა იმ იმედით დაიწყეს, რომ ნაცმოძრაობის იმიჯსაც გააკეთილშობილებდნენ და თავადაც მიიღებდნენ პოლიტიკურ დივიდენდებს. ბოლო წლებში ამ სტრატეგიას თავად ნაციონალური მოძრაობაც დაეთანხმა.

გამოიღო თუ არა შედეგი ასეთმა მცდელობამ? დიახ, გამოიღო და ყველაზე მეტად ეს ადგილობრივ არჩევნებზე გამოჩნდა: ოპოზიციამ (კოალიციურმა ოპოზიციამ ნაცმოძრაობასთან თანამშრომლობით) თითქმის თანაბარი კონკურენცია გაუწია ხელისუფლებას პოლიტიკურ ცენტრებში. რა თქმაა უნდა, ამ პროცესს ხელი შეუწყო მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ, შემდეგ - მისმა დაპატიმრებამ და შიმშილობამ.

ვფიქრობ, რომ "არანაცური" პოლიტიკური ოპოზიციის სტრატეგიამ - ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, მაგრამ რაღაცნაირად მის გარეშე - საკუთარი მაქსიმუმი გააკეთა და თავი ამოწურა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ნაციონალური მოძრაობა უნდა დარჩეს თავისი "წმინდა" ამომრჩევლის ამარა (რომელიც მას, დარწმუნებული ვარ, არ მოაკლდება). სწორია ნაცმოძრაობის რებრენდინგი იმ მიმართულებით, რომ აქცენტი დაისვა გაუსვრელ პოლიტიკოსებზე - დღევანდელი ლიდერები, ზოგიერთის გამოკლებით, არ არიან წარსული ცოდვებით დამძიმებულნი, ხოლო სააკაშვილი ციხეშია და მისი "ბუად" წარმოჩენა აღარ გამოვა.

რაც შეეხება "არანაცურ" ოპოზიციას, მან უნდა მოძებნოს ერთმანეთთან დაახლოების გზები, საერთო ღირებულებებისა და ხედვების საფუძველზე. ვგულისხმობ არა ერთ პარტიად გადაქცევას, არამედ საერთო პლატფორმის ფარგლებში თანამშრომლობას. ეს გამოიწვევს ოპოზიციური ამომრჩევლის კიდევ უფრო მეტად მობილიზებას, ვიდრე ეს ახლა მოხდა.

და ზემოხსენებულ სცენარში არ მგონია, რევოლუცია ჯდებოდეს.

წერს სოციოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, იაგო კაჭკაჭიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები