არჩევნები 2021

პაპუაშვილი: ე.წ. 2 პირადობაზე დეზინფორმაცია ვრცელდება – მოქალაქემ გვარი შეიცვალა

ქართული ოცნების დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ერთ მოქალაქეს სხვადასხვა გვარით 2 პირადობის მოწმობა ჰქონდა, "დეზინფორმაციაა". პაპუაშვილის თქმით, პირმა, რომელსაც პირადობის მოწმობა ეკუთვნის, გვარი შეიცვალა. 

"ჯერ კიდევ მიმდინარეობს ე.წ. 2 პირადობის მოწმობაზე დეზინფორმაციის გავრცელება. როგორც იცით, დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ პრესკონფერენციით, მათ შორის, Facebook-ის მეშვეობით, აქტიურად აწარმოებდა ყალბ საინფორმაციო კამპანიას, თითქოს, 2 პირადობის მოწმობა, რომლებიც მათ დააფიქსირეს, მიანიშნებდა გაყალბებაზე. ამაზე განმარტება გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ - საქმე მარტივადაა, ადამიანმა გვარი შეიცვალა და ვინაიდან ეს 15 სექტემბერს მოხდა, ცესკოსთვის სიების გადაცემის შემდეგ, ის ფიქსირდებოდა ძველი გვარით სიაში. სურათებზეც ნახავთ, რომ პირადი ნომერი ერთი და იგივეა, რამე სხვა პირადი ნომერი არ არის და ზოგიერთმა მედიამ გადაამოწმა კიდევაც - ეს ადამიანი 2-ჯერ არ ფიქსირდება სიაში. ამ განმარტების მიუხედავად, ტელეკომპანიები და ოპოზიციის წარმომადგენლები ახლაც აქტიურ კამპოანიას აწარმოებენ, თითქოს ეს რაღაც დარღვევაა". - ამბობს პაპუაშვილი. 

პაპუაშვილი პერსონალური ინფორმაციის დაცვის ინსპექტორს მიმართავს, მომხდარზე რეაგირება ჰქონდეს, რადგან მოქალაქის პირადი ინფორმაცია გასაჯაროვდა. პაპუაშვილი ენმ-საც მიმართავს, "შეწყვიტოს სპეკულაცია".  

ოპოზიციური პარტიების წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ უბანზე დამკვირვებლებმა დარღვევა დააფიქსირეს - როგორც ისინი წერდნენ, ერთ მოქალაქეს ორი პირადობის მოწმობა ჰქონდა, ერთში მისი სახელი და გვარი ედუარდ მსტოიანი იყო, მეორეში კი - ედუარდ ჯიქური.  

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე.

კომენტარები