მიხეილ სააკაშვილი

აქვს თუ არა პატიმარ სააკაშვილს თვითმკვლელობის უფლება?

მიხეილ სააკაშვილი

აქვს თუ არა პატიმარ სააკაშვილს თვითმკვლელობის უფლება?

"თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას... კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება" – თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო ტელეკომპანია იმედის საგანგებო ეთერში. ის საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილსა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობდა.

მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცველებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 1 ოქტომბრის საღამოს დააპატიმრეს. ამ დღიდან მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა ოფიციალურად გამოაცხადა

დღიდან დაკავებისა, მიხეილ სააკაშვილმა რამდენჯერმე ღიად გამოხატა საკუთარი ნება, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ის შიმშილობისგან ცუდად გახდება, უარს ამბობს ექიმების მკურნალობაზე. ამის მიზეზი ის არის, რომ ექსპრეზიდენტის ადვოკატები, ექიმების კონსილიუმის დასკვნის საფუძველზე, მის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში ითხოვენ, რაზეც პენიტენციური სამსახური უარს ამბობს. გადაწყვეტილება რომ პოლიტიკურია, ამას ქართული ოცნების უმაღლესი თანამდებობის პირების საჯარო განცხადებები ადასტურებს

მას შემდეგ, რაც ერთი მხრივ, ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა მკურნალობაზე უარი თქვა, მეორე მხრივ კი, პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა თვითმკვლელობა ადამიანის კანონით დაცულ უფლებად გამოაცხადა, აქტუალური გახდა დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს საღ აზრზე ყოფნისას წინასწარ უარი აქვს ნათქვამი მკურნალობაზე. თუკი გონებაზე არმყოფ სააკაშვილს პენიტენციური სამსახურის ექიმები შესაბამის სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ, იქნება ეს სააკაშვილის თავისუფალ ნებასა და ავტონომიაში უხეში ჩარევა, თუ ამას ავალდებულებს ექიმებს კანონმდებლობა

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ქართული კანონმდებლობის ოდნავ მოსაწყენ ლაბირინთებში უნდა გავიაროთ. ზემოაღნიშნულ კაზუსზე იურისტებს ცალსახა და შეჯერებული პოზიცია არ აქვთ

დავიწყოთ თავიდან

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, პაციენტს უფლება აქვს უარი თქვას ნებისმიერ სამედიცინო ჩარევაზე. ეს მუხლი, თავის მხრივ, გამონაკლისს ითვალისწინებს, რომელიც იმავე კანონის 76- მუხლშია განმარტებული და რაც გულისხმობს იმას, რომ განსაკუთრებით საშიში გადამდები დაავადების არსებობაზე დასაბუთებული ეჭვის დასადასტურებლად მოქალაქეების შემოწმების საჭიროებისას მოქალაქეები ვალდებულები არიან ჩაიტარონ ყველა სათანადო გამოკვლევა

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის მე-11 მუხლის მიხედვითმცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტისთვის სამედიცინო ჩარევის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ პაციენტის მიერ წარსულში (როცა მას ჰქონდა გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი) განცხადებული ნების გათვალისწინებით, ხოლო ასეთი ნების არარსებობისას – პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობით

იმავე კანონის მე-13 მუხლი კი პირდაპირ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მოქალაქეს ეხება. ამ მუხლის მიხედვით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა, მათ შორის, შიმშილობის დროს, დასაშვებია მხოლოდ მისი ინფორმირებული თანხმობის შემთხვევაში

ამ კანონის ზემოთ მოყვანილი სამი მუხლის მიხედვით, თითქოს, ცხადია, რომ ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ შიმშილობა გამოცხადებულ მოქალაქეს, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი, აქვს უფლება, უარი თქვას სამედიცინო დახმარებაზე და გონების დაკარგვის შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს მის მიერ ბოლოს გაკეთებული ინფორმირებული არჩევანის მიხედვით

თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის

ასევე არსებობს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის მე-12 მუხლიც, რომლის მიხედვითაც

"მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის აუცილებლობისას, ან მისი სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის დროს სამედიცინო ჩარევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ პაციენტის ინტერესების გათვალისწინებით". 

იურისტები განმარტავენ, რომ კანონის ეს მუხლი იძლევა მკაფიო მანევრირების საშუალებას პატიმრის ჯანმრთელობის სასარგებლოდ და, როგორც ექიმი ვახტანგ კალოიანი განმარტავს, სამედიცინო პერსონალი ძირითადად სწორედ ამ პრაქტიკას მიმართავენ

ამ . საკანონმდებლო ხვრელის გამოყენება სახელმწიფოსთვის გაცილებით მარტივდება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ კანონის გარდა ასევე არსებობს სასჯელაღსრულების მინისტრის მიერ 2013 წელს გამოცემული ბრძანება #169, რომლის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში წერია

"დაწესებულებაში მყოფი მოშიმშილის იძულებითი მკურნალობა დაუშვებელია. შიმშილობის დროს სამედიცინო დახმარების გაწევა, მათ შორის, ხელოვნური კვება დასაშვებია მხოლოდ მოშიმშილის ინფორმირებული თანხმობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სამედიცინო დახმარების განხორციელების გარეშე გარდაუვალია მოშიმშილის სიკვდილი, რის თაობაზეც, გადაწყვეტილება უნდა იქნეს დადასტურებული, მინიმუმ, ერთი სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ მაინც". 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ტაბულასთან საუბრისას განმარტავს, რომ ამ კუთხით საქართველოს კანონმდებლობა ნამდვილად ბუნდოვანია, თუმცა, სასჯელაღსრულების მინისტრის #169 ბრძანება სახელმწიფოს აძლევს საშუალებას, გადაარჩინოს მოშიმშილე პაციენტი მისი ნების საწინააღმდეგოდ.

კვლევითი ცენტრის Gnomon Wise-ის მკვლევრისა და კონსტიტუციონალისტის, დავით ზედელაშვილის თქმით, ადამიანის უფლებათა სამართალი ითვალისწინებს, რომ ადამიანს პირადი თავისუფლება, ავტონომია და სიცოცხლის უფლება აძლევს თავისუფლებას, მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი სიცოცხლის ღირებულებისა და მისი დასრულების შესახებ, თუმცა, მისივე განმარტებით, ეს არ არის უფლება, კლასიკური გაგებით. 

"კერძოდ, სახელმწიფოს არ აქვს შემხვედრი ვალდებულება, რომ თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ადამიანს ხელს შეუშლის ამ გადაწყვეტილებების (იმის შესახებ, რომ სიცოცხლე აღარ უღირს ან/და სიცოცხლის დასრულება სურს) განხორციელებაში. პირიქით, სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, პოზიტიური ვალდებულებები სახელმწიფოს აკისრებს პასუხისმგებლობას, მიიღოს ყველა ზომა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად და ხელი არ შეუწყოს ადამიანის სიცოცხლის მოსპობას. 

შესაბამისად, ის ერთი შეხედვით წინააღმდეგობა, რომელიც ჯანმრთელობის შესახებ კანონის მე-12 მუხლიდან იკითხება, გამომდინარეობს ადამიანის უფლებებიდან. კერძოდ, ადამიანს აქვს უფლება, უარი თქვას სიცოცხლის გამახანგრძლივებელ მკურნალობაზე, მაგრამ ამავე დროს, სახელმწიფო ვალდებულია, რომ თავისი მოქმედებებით ხელი არ შეუწყოს ადამიანის სიცოცხლის მოსპობას. 

შესაბამისად, როდესაც ადამიანის ნების აღსრულება კონფლიქტში მოდის სახელმწიფოს ვალდებულებასთან, დაიცვას სიცოცხლე, კატეგორიული პრიორიტეტი არცერთს არ ენიჭება და კანონი ითვალისწინებს გონივრული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას". – ამბობს დავით ზედელაშვილი. 

მოკლედ რომ შევაჯამოთ მათთვის, ვინც ამ სამართლებრივმა კაზუისტიკამ დაღალა.

რომ შევაჯამოთ  საქართველოს კანონმდებლობა იცავს პატიმრის ნების თავისუფლებასა და მის ავტონომიას საკუთარ ჯანმრთელობაზე იქამდე, სანამ სახეზე არ დგას მის ჯანმრთელობაში ჩარევის გადაუდებელი აუცილებლობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოშიმშილე პატიმარს ძალით საჭმელს ვერავინ აჭმევს იმ მომენტამდე, სანამ არ დადგება მისი გარდაცვალების საფრთხე, რომელსაც მინიმუმ, ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ექიმი არ დაადასტურებს.

უფრო მოკლედ რომ ვთქვათ - არა, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პატიმარს თვითმკვლელობის უფლება, როგორც ასეთი, არ აქვს, მათ შორის, არც შიმშილობით. არც სახელმწიფოს აქვს უფლება, მის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მოშიმშილე პატიმარს სიკვდილი დაანებოს. 

კიდევ უფრო კონკრეტულად, თუკი მიხეილ სააკაშვილი მოცემულ მომენტში გონებას დაკარგავს და სიკვდილის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, სახელმწიფოს აქვს უფლება და მოვალეობა, გამოკვებოს და უმკურნალოს მისი ნების საწინააღმდეგოდ. 

კომენტარები