არჩევნები 2021

ჟურნალისტი: ოცნების წევრმა დებატზე უარი თქვა, ვერ შევთანხმდით, გადაცემა სხვას წააყვანინეს

თელავის ადგილობრივი ტელევიზიის თანამგზავრის ყოფილი ჟურნალისტი, ნატალია მეგუთნიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა თელავში, უარი თქვა ოპოზიწიის წევრთან დებატებზე და ცალკე ბლოკის დათმობა მოისურვა, რაზეც ჟურნალისტი ტელევიზიის ხელმძღვანელთან ვერ შეთანხმდა, შედეგად კი, გადაცემა სხვას წააყვანინეს. 

ჟურნალისტი წერს, რომ მან პროტესტის ნიშნად ტელევიზია დატოვა. 

"გადავწყვიტე, რომ განმარტება გავაკეთო: მე ტელევიზიიდან არავის გამოვუგდივარ, საკუთარი ნებით წამოვედი. გუშინდელი გადაცემა, რომელიც ჩემ მიერ მომზადდა, არავითარი პროექტის ფარგლებში არ კეთდებოდა და თუ ეთერში არ გავიდოდა, არანაირ სოლიდურ ჯარიმას არ ითვალისწინებდა. მერობის სახელისუფლებო კანდიდატი დებატებს არ დათანხმდა და ცალკე ბლოკში, თან აუცილებლად პირველ ნაწილში მოისურვა დაჯდომა, რაზეც მე ვუპასუხე, რომ თუ ვინ რომელ ბლოკში დაჯდებოდა, ეს კენჭისყრას უნდა გადაეწყვიტა, როგორც სხვა საარჩევნო გადაცემების დროს (ვთვლი, რომ ეს ელემენტარული ჟურნალისტური პრინციპია, რომელსაც ყველა ჟურნალისტი უნდა იცავდეს). ეს სწორედ ის საკითხია, რაზეც ტელევიზიის ხელმძღვანელთან ვერ შევთანხმდი. შედეგად, გადაცემა ჩემი კითხვებით, სხვა წამყვანმა, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ წაიყვანა, რის გამოც, პროტესტის ნიშნად, ტელევიზიიდან წამოვედი. სულ ესაა". - წერს ნატალია მეგუთნიშვილი. 

ქართული ოცნების თელავის მერობის კანდიდატი ლევან ანდრიაშვილია. 

კომენტარები