არჩევნები 2021

ქართული ოცნების კანდიდატი: ახალი წლიდან რუსთავში ლიფტებით სარგებლობა უფასო იქნება

ახალი წლიდან რუსთავში ლიფტებით სარგებლობა იქნება უფასო. ძველი ამორტიზირებული ლიფტების ახალი ლიფტებით სრულად ჩანაცვლებამდე, ჩემი მერობის პერიოდში, ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა თანხები, რომ ახალი პროგრამის განხორციელება დავიწყოთ. პროგრამას განვახორციელებთ კორპუსის ამხანაგობებთან ერთად და ჩვენ შევძლებთ, რომ ლიფტების ელექტროენერგიის თანხა, რომლის აკრეფაც და შეგროვებაც ძალიან ხშირად უწევს სამეზობლოს, გადაიხადოს რუსთავის მერიამ.

ასევე ამ პროგრამის ფარგლებში გავაუქმებთ, ამხანაგობებთან შეთანხმებით, ე.წ. ხურდის ჩასაყრელ ყუთებს და დავიწყებთ კიდევ უფრო აქტიურად ძველი ამორტიზირებული ლიფტების ახალი, ევროპული სტანდარტით ლიფტებით ჩანაცვლებას. ამ ყველაფრისთვის რუსთავში შეიქმნება ლიფტების მერიის მომსახურების სერვისი და ჩვენ შევძლებთ, რომ სრულად განვაახლოთ ლიფტები და სანამ ამის შესაძლებლობა გვექნება, თითოეული რუსთაველი უფასოდ ისარგებლებს მის კორპუსში არსებული ლიფტით.

თქვა ქართული ოცნების რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ. 30 ოქტომბერს, რუსთავში, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, სადაც ლაცაბიძე ოპოზიციის ნაწილის საერთო მერობის კანდიდატს - დავით კირკიტაძეს დაუპირისპირდება.

კომენტარები