მიხეილ სააკაშვილის დაკავება

გოჩა ბარნოვი: მსოფლიო პატრიარქი ადამიანური გადასახედიდან მიხეილ სააკაშვილს თანაუგრძნობს

თეოლოგი გოჩა ბარნოვი ამბობს, რომ მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომე I-მა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ თანადგომა გამოხატა. მისივე თქმით, მსოფლიო პატრიარქი სააკაშვილს ჯანმრთელობას და წარმატებას უსურვებს. 

"პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი, იყო ინფორმირებული როგორც პოლიტიკური პროცესებით საქართველოში, იმიტომ, რომ ის ადევნებს თვალს ყველა ქვეყანაში რა ხდება, ასევე საეკლესიოც, მაგრამ ის პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებს. მან იცის საქართველოში რა ხდება, იცის ეს პროცესები რაც ახლა მიდის და სხვათა შორის, მინდა ვთქვა, მან განაცხადა, რომ წმინდა ადამიანური გადასახედიდან, პოზიციიდან, ის თანაგრძნობას გამოთქვამს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში და მას უსურვებს ჯანმრთელობას და წარმატებას. ეს ჩვენ გვითხრა, მაგრამ წმინდა ადამიანური პოზიციიდან გამომდინარე".- ამბობს გოჩა ბარნოვი მთავარ არხთან

აღსანიშნავია, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს საჯარო განცხადება მიხიელ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია. 


18 ოქტომბერს პატრიარქის პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ Facebook-პოსტში დაწერა, რომ მისი ინფორმაციით სინოდის ერთ-ერთი წევრის დაფინანსებით 19 ოქტომბერს თეოლოგი გოჩა ბარნოვი გაემგზავრება სტამბოლში, სადაც კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოს პირველს შეხვდებიან, სადაც ბარნოვი მსოფლიო პატრიარქს ეტყვის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს.

20 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამ საკითხს პირდაპირ არ ეხება, თუმცა, წერს, რომ სურს გამოეხმაუროს რუსეთის მხრიდან მორიგ "პროვოკაციასა" და "სპეკულაციას".

"შემდგომშიც ყველა ძირითად საკითხში, მათ შორის, სხვა ეკლესიებთან ურთიერთობებში, ვიყავი და ვარ პატრიარქისა და წმინდა სინოდის ძირითადი პოზიციების მიმდევარი". – წერს სააკაშვილი წერილში. 

 

კომენტარები