გრიპის ვაქცინა

რეგულირების სააგენტო: გოგელიას კლინიკას არ ჰქონდა იმუნიზაციის ჩატარების არანაირი უფლება

რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაალ კაპანაძემ თქვა, რომ გოგელიას კლინიკას, სადაც პაციენტებს გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინი გაუკეთეს, იმუნიზაციის უფლება არ ჰქონია. რაც შეეხება ექიმს, ის უკანონო საექიმო საქმიანობაში იყო გამოვლენილი.

ზაალ კაპანაძემ ამის შესახებ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"აღნიშნულ კლინიკას იმუნიზაციის შეტყობინების ნებართვა არ ჰქონდა გამოგზავნილი, შესაბამისად, მას არ ჰქონდა იმუნიზაციის ჩატარების არანაირი უფლება. თვითონ რაც შეეხება ექიმს, 2020 წელს რეგულირების სააგენტომ აღნიშნული ექიმი გამოავლინა, როგორც უკანონო საექიმო საქმიანობაში მონაწილე. მას ჰქონდა გაყალბებული სერტიფიკატები და ისე ახორციელებდა საქმიანობას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ მოკვლევა დავასრულეთ და ეს მასალები გადავუგზავნეთ პროკურატურას". - ამბობს ზაალ კაპანაძე.

მოქალაქეები ამბობენ, რომ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, C ვიტამინი გაუკეთეს. 

ერთ-ერთი მოქალაქე, თათა დვალიშვილი წერს, რომ მას საბუთი და ყუთი არ ანახეს, ხოლო შემდეგ აღიარეს, რომ ფულის გაკეთების მიზნით C ვიტამინით აცრეს. მისივე თქმით, ვაქცინა 75 ლარი ღირდა. 

ტაბულას შსს-ში განუცხადეს, რომ ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და მოქალაქეებს ესაუბრებიან.

კომენტარები