არჩევნები 2021

კალაძე: 10 000 ავარიული შენობა 4 წელში ვერ ჩანაცვლება, მაგრამ, რაც მთავარია, გეგმა დაიდო

თბილისელებს ძალიან მნიშვნელოვანი, ავარიული სახლების პროგრამა წარვუდგინეთ. დიახ, ეს დედაქალაქში ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა. 10 000-მდე შენობა-ნაგებობაა ქალაქში, რომელსაც სხვადასხვა ავარიულობის კატეგორიის ხარისხი აქვს მინიჭებული.

ჩვენ ის ადამიანები ვართ, ვინც ამ შენობებს წლების განმავლობაში ამაგრებდა და დავდეთ პროგრამა, რომლის საშუალებითაც მომდევნო წლებში ამ სახლების ჩანაცვლება, განახლება, მოწესრიგება უნდა მოვახდინოთ ისე, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ეს ერთი თეთრიც არ დაუჯდებათ. ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი. მათ არაფერი ექნებათ გადასახდელი. მშენებლობის პროცესში ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას. ამ ადამიანებს დროებით, ქირით გადავიყვანთ და 2 წელში სამუშაოების დასრულების შემდეგ ისინი გარემონტებულ სახლებში დაბრუნდებიან.

ცხადია, 10 000 ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება 4 წელში შეუძლებელი იქნება, მაგრამ, აქ მთავარი ისაა, რომ დაიდო პროგრამა თავისი წესებით და რეგულაციებით, რომელიც მომდევნო ათეულობით წლის განმავლობაში მთავრობებს შესაძლებლობას მისცემს, ერთხელ და სამუდამოდ ეს მოძველებული საბჭოთა ავარიული შენობა-ნაგებობები, განახლდეს ახალი ქართული არქიტექტურის შენობა-ნაგებობებით.

ამბობს თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების II ტურამდე ათი დღით ადრე.

 

კომენტარები