ლოიდ ოსტინის ვიზიტი

აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს ხვალ, 18 ოქტომბერს ეწვევა

აშშ-ს თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი

აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოში ხვალ, 18 ოქტომბერს ჩამოვა. ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ისაუბრა.

"ძალიან გვიხარია, რომ მდივანი ოსტინი საქართველოში ხვალ ჩამოდის. ეს არის საქართველოს უშიშროების და უშიშროების საკითხებში ჩვენი თანამშრომლობის მიმართ აშშ-ს მხარდაჭერის ძლიერი ნიშანი. შეხვედრები ფოკუსირებული იქნება იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ერთად, საქართველოსა და აშშ-ს, რათა გაძლიერდეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები და რა იქნება შემდეგი თავი იმ ინიციატივების სერიაში, რომლებზეც საქართველო და აშშ ერთად მუშაობდნენ" - თქვა კელი დეგნანმა.

საქართველოში ჩამოსვლა თავდაცვის მდივნის ევროპაში საქმიანი ვიზიტის ნაწილია. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მდივანი საქართველოს, უკრაინას და რუმინეთს ეწვევა და ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება. ლოიდ ოსტინი აშშ-დან უკვე გამოფრინდა.

საქართველოში სახელმწიფო მდივანი ოსტინი შეხვდება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს  "რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნოს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირების კუთხით."

უკრაინაში ოსტინი შეხვდება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და თავდაცვის მინისტრ ანდრი ტარანს, ხოლო რუმინეთში თავდაცვის მდივანი შეხვდება პრეზიდენტ კლაუს იოჰანისსა და ეროვნული თავდაცვის მინისტრ ნიკოლაი იონელ ჩიუკას.

ბელგიაში ოსტინი პირველად დაესწრება პირადად ნატოს თავდაცვის მინისტერიალს, სადაც ის შეხვდება მოკავშირე კოლეგებსა და გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.

კომენტარები