ლოიდ ოსტინის ვიზიტი

პენტაგონი: საქართველოში ვიზიტისას ოსტინი ხაზს გაუსვამს, რომ მათთვის NATO-ს კარი ღიაა

აშშ-ს თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, საქართველოსა და უკრაინაში ვიზიტისას ოსტინი ხაზს გაუსვამს რომ ქვეყნებისთვის NATO-ს კარგი ღიაა. განცხადების მიხედვით, ოსტინი მოუწოდებს საქართველოსა და უკრაინას, რომ განახორციელონ ცვლილებები მათთვის საჭირო ალიანსში გასაწევრიანებლად.

თავდაცვის უწყების ცნობით, ოსტინი აპირებს აღიაროს ორი ქვეყნის მხარდაჭერა ავღანეთში მათ მიერ გაღებული მსხვერპლის გამო.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველო ავღანეთის მისიაში ერთ სულ მოსახლეზე შეტანილი წვლილით ქვეყნების სათავეშია და ამ მისიაში დიდი დანაკარგი განიცადა". – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოში ხვალ, 18 ოქტომბერს ჩამოვა.

საქართველოში ჩამოსვლა თავდაცვის მდივნის ევროპაში საქმიანი ვიზიტის ნაწილია. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მდივანი საქართველოს, უკრაინას და რუმინეთს ეწვევა და ბირუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება. ლოიდ ოსტინი აშშ-დან უკვე გამოფრინდა.

საქართველოში სახელმწიფო მდივანი ოსტინი შეხვდება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს  "რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნოს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირების კუთხით."

უკრაინაში ოსტინი შეხვდება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და თავდაცვის მინისტრ ანდრი ტარანს, ხოლო რუმინეთში თავდაცვის მდივანი შეხვდება პრეზიდენტ კლაუს იოჰანისსა და ეროვნული თავდაცვის მინისტრ ნიკოლაი იონელ ჩიუკას.

ბელგიაში ოსტინი პირველად დაესწრება პირადად ნატოს თავდაცვის მინისტერიალს, სადაც ის შეხვდება მოკავშირე კოლეგებსა და გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.

კომენტარები