მიხეილ სააკაშვილის დაკავება

FT: მიხეილ სააკაშვილის დაკავება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს კიდევ უფრო ართულებს

FT/Reuters

"მიხეილ სააკაშვილის დაკავება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს კიდევ უფრო ართულებს" – ამ სათაურით სტატიას ბრიტანული გამოცემა Financial Times-ის აქვეყნებს. ავტორები აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დასავლელი პარტნიორების გაფრთხილებებს მიუხედავად დაბრუნდა, რითიც სააკაშვილი იმ ქართველი პოლიტიკოსების გრძელ სიას შეუერთდა, რომლებიც ბოლო წლებში ბრიუსელის რჩევებს ყურადღებას აღარ აქცევენ. სტატიაში განხილულია, როგორ გაუარესდა ბოლო პერიოდში საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა.

"გასულ თვეს ევროპარლამენტარებთან მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ მათ დევნილ ოპოზიციონერად ქცეულ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს დაჟინებით სთხოვეს, არ დაბრუნებულიყო ქვეყანაში, სადაც მას დაკავება ემუქრებოდა და პოლიტიკური დაძაბულობის კიდევ უფრო გაღვივებას რისკავდა.

ადგილობრივი არჩევნების წინა დღეს სააკაშვილი რძის ტრაილერში დამალული ქვეყანაში მაინც შევიდა და ახლა ის თბილისის ციხეში შიმშილობს და სუსტდება. [სააკაშვილი] ბოლოა იმ ქართველი პოლიტიკოსების სიაში, რომლებიც ბოლო წლებში ბრიუსელის რჩევას უგულვებელყოფენ.

შავი ზღვისპირეთის ქვეყანა ერთ დროს მაგალითი იყო იმისა, როგორ შეეძლო ევროკავშირს თავისი ლიბერალური, დასავლური პრინციპების გავრცელება მეზობლებში, მათ შორის ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, მაგრამ საქართველომ მკვეთრად დაკარგა საკუთარი ღირსეული ადგილი, [საქართველოს მთავრობას] არ ასვენებენ დემოკრატიის უკუსვლის ბრალდებებით და მმართველი ქართული ოცნების პარტიის მცოცავი ავტორიტარიზმი დასავლელ კეთილისმყოფელებს ფიქრის საბაბს უჩენს. ამ თვის არჩევნებს დარღვევები აყენებს ჩრდილს, რომლებმაც ევროკავშირსა და აშშ-ში ბევრის გაღიზიანება გამოიწვიეს, მათი, ვინც შიშობს, რომ საქართველოს დასავლურ ორბიტას შორდება" - ვკითხულობთ სტატიაში.

ავტორები აღნიშნავენ, რომ დასავლეთს თბილისისთვის "ზურგის შექცევა" არ შეუძლია და საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მიუთითებენ.

"საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა რუსეთსა და თურქეთს შორის, მისი საკვანძო როლი კასპიის ზღვიდან ევროპაში ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებაში და მისი, როგორც ევროკავშირის მხარდამჭერი საპარლამენტო დემოკრატის უნიკალური პოზიცია ერთპიროვნული ლიდერების ავტოკრატიების რეგიონში გეოპოლიტიკურ კალკულუსს ართულებს" - ვკითხულობთ სტატიაში. 

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებმა 2019 წლიდან დაიწყო გაუარესება, როდესაც ქვეყანაში აქტიურად დაიწყო ანტი-სამთავრობო აქციები. სამოქალაქო პროტესტი კი ქართული ოცნების პრო-რუსული ნაბიჯების წინააღმდეგ იყო მიმართული. სტატიაში ავტორები საუბრობენ იმ მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომლებმაც დასავლეთთან ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია: ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება, მმართველი პარტიის მიერ შარლ მიშელის შეთანხმების დატოვება, ევროკავშირის სესხზე უარის თქმა, სავარაუდო ფარული მიყურადების შედეგად შედგენილი სუს-ის ფაილების გაჟონვა, სააკაშვილის დაკავება. 

სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს და NATO-ს ურთიერთობები "უფრო მტკიცე ჩანს" და ალიანსი საქართველოს მიმართ ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს. ავტორები ასევე საუბრობენ, რომ გამოკითხვებით საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა კვლავ უჭერს მხარს ევროკავშირსა და NATO-ს.

"დასავლეთის დედაქალაქებში ქვეყნის მიმართულების მიმართ მზარდი პესიმიზმის მიუხედავად, უმეტესობა იტყვის, რომ თბილისთან კავშირების შემცირების გეოპოლიტიკური შედეგები უფრო ყურადსაღებია. [..] ნათელია, რომ დასავლეთში უშიშროების პრობლემაა პრიორიტეტული. თუმცა ურთიერთობების ტემპის აღდგენის პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებაზეა" – ციტირებს Finanacial Times-ი ზაკ ვიტლინს, Eurasia Group-ის უფროს ანალიტიკოსს.

კომენტარები