მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კახიძე: სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი ევროსაბჭოს დადგენილი სტანდარტებით

ქვეყნის მმართველის შეფასებისას, იგი დარდება წინამორბედს ან/და შემდგომ ხელისუფლებას. ასევე რეგიონის სხვა სახელმწიფოთა მმართველებს. მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს საუკეთესო მმართველი. უკეთესი, ვიდრე შევარდნაძე და ივანიშვილი. იგი იყო ასევე რეგიონში გამორჩეული პოლიტიკური ფიგურა - ეფექტიანი რეფორმებით, ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლებით, დასავლეთთან სიახლოვით, ორგანიზებული დანაშაულისა და სისტემური კორუფციის დამარცხებით. ბუნებრივია, მას შეცდომებიც ჰქონდა, ისევე, როგორც ზოგადად ყველა ხელისუფალს, ოღონდ ამ შეცდომებსა და მიღწევებს შორის თვალსაჩინო ასიმეტრიაა. რაც შეეხება მის პატიმრობას - მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი ევროსაბჭოს მიერ დადგენილი სტანდარტებით, რამდენიმე კრიტერიუმით: 

1. მისი საქმეები მტკიცებულებებს არ ეფუძნება, შეკერილია, პირდაპირი მოწმეები უბრალოდ არ ჰყავთ. ანუ მიშას დევნიან იმისთვის, რასაც ვერ უმტკიცებენ, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად, გამამტყუნებელი გამოუტანეს და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, უკანონოდ;

2. მისი დევნის მოტივი არის არა მართლმსაჯულების აღსრულება, არამედ პოლიტიკურად განეიტრალება. “ან უნდა წასულიყო პოლიტიკიდან, ან უნდა დაგვეჭირა” - პრემიერად წოდებულის ეს განცხადება პოლიტიკური დევნის მკაფიო ილუსტრაციაა და აღნიშნული საკითხი დამატებით მტკიცებას აღარ საჭიროებს;

3. მას დევნიან ისეთი საქმეებისთვის, რაზეც სხვებს (ანუ თავისიანებს) პასუხს არ თხოვენ. დღემდე პროკურატურას არ გამოუვლენია 2012-21 წლებში დეპუტატებზე და სხვადასხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე თავდასხმის ორგანიზატორები. არც პოლიტპატიმრებად რუსი ჯაშუშების აღიარება თუ გახმაურებული შეწყალებები გამხდარა რომელიმე მაღალჩინოსნის დევნის საფუძველი. გირგვლიანის მოსამართლე კი საერთოდ, დღევანდელი მართლმსაჯულების სახეა.

მოკლედ, მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად პოლიტიკური პატიმარია. ეს სამართლებრივი კუთხით. რაც შეეხება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას - წინა ხელისუფლების დევნა და ოპოზიციის განადგურება, როგორც მთავრობის ცენტრალური დღის წესრიგი - ძირს უთხრის დემოკრატიას, პლურალიზმს, არჩევნებს - ანგრევს სახელმწიფოს ფუნდამენტს. ამიტომ - მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, ზოგადად, პოლიტიკური დევნა ოპოზიციის მიმართ უნდა შეწყდეს და საარჩევნო ველი უნდა გახდეს თავისუფალი და კონკურენტული. ამ გზაზე, კონტრპროდუქტიული მგონია:

- შიმშილობა და ჯანმრთელობის დასუსტება, ხანგრძლივი ბრძოლისთვის მზადყოფნის ნაცვლად;

- გადაჭარბებული მოლოდინების შექმნა (როგორც პოლიტპატიმრის, ისე მათი გულშემატკივრებისთვის), რომ რომელიმე მიტინგი კონკრეტული შედეგით დასრულდება, რაც იწვევს იმედგაცრუებას;

- ლიდერის გაკერპება-გაბელადება, რაც არასწორია და თან რეალობის აღქმას აკარგინებს ადამიანს.

გამოსავლად მესახება: ა) არჩევნების მეორე ტურზე ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება დიდ ქალაქებში; ბ) საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების და კერძოდ, სტრასბურგის სასამართლოს გამოყენება; გ) საზოგადოებრივი წნეხი და ფართო კონსენსუსის შეკვრა პოლიტიკური დევნის მიუღებლობასთან დაკავშირებით.

წერს ევროპული საქართველოს წევრი, ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები