თურქეთი

"მეტის მოთმენა შეუძლებელია, საფრთხეს გავანადგურებთ" – ერდოღანი სირიაში მოქმედ YPG-ზე

YPG-ის მებრძოლები

რეჯეფ თაიფ ერდოღანი სირიაში მომხდარ თავდასხმებს სახალხო დაცვის შენაერთებს (YPG) აბრალებს და ამბობს, რომ თურქეთი ჩდილოეთ სირიაში არსებული საფრთხის გასანადგურებლად მზადაა.

კვირას, 10 ოქტომბერს ჩრდილოეთ სირიის აზაზის რეგიონში, რომელსაც თურქეთის მხარდაჭერილი აჯანყებულები აკონტროლებენ, რაკეტა ისროლეს თურქი პოლიციელების მიმართულებით, რასაც ორი მათგანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამას გარდა, ორი მართვადი რაკეტა თურქეთის ტერიტორიაზე, გაზიანთეფის პროვინციაში აფეთქდა, მესამე კი სირიის ქალაქ ჯარაბულუსში. გაზიანთეფის პროვინცია სირიას ესაზღვრება.

ანკარამ თავდასხმები YPG-ს დააბრალა და ვარაუდობენ, რომ რაკეტები მათი კონტროლირებადი ტერიტორიიდან ისროლეს.

"მეტის მოთმენა შეუძლებელია სირიის იმ რეგიონების მიმართ, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმა შეუძლიათ. ჩვენ გვსურს აქ არსებული საფრთხეების განადგურება ადგილზე მყოფი ძალებით, ან ჩვენი საშუალებებით", – თქვა ერდოღანმა. 

"ბოლო თავდასხმა ჩვენს პოლიციაზე და ჩვენი მიწისთვის საფრთხის შექმნა ბოლო წვეთია", – დაამატა ერდოღანმა.

აზაზი და ჯარაბულუსი თურქეთის მხარდაჭერილი აჯანყებულების კონტროლის ქვეშაა მას შემდეგ, რაც 2016 წელს ანკარამ სირიაში ინტერვენცია დაიწყო, საზღვრებთან ახლოს მყოფი ISIS-სა და ქურთი სირიელების YPG-ს წინააღმდეგ.

YPG ძირითადად ეთნიკური ქურთების მიერ დაკომპლექტებული რაზმია. ეს ჯგუფი სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) მთავარ ნაწილს შეადგენს. YPG რეგიონში ISIS-ის ძალების წინააღმდეგ იბრძოდა, ამიტომაც ამ ჯგუფთან პარტნიორობდა აშშ, რაც ვაშინგტონსა და ანკარას შორის უთანხმოების გამომწვევი გახდა. 

თურქეთს YPG ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული. ანკარა მიიჩნევს, რომ YPG თურქეთში მოქმედი ქურთების მუშათა პარტიის (PKK) სირიული შტოა. PKK თურქეთის მთავრობას 1980-იანი წლებიდან ებრძოდა და ამ პროცხეს ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები