თბილისობა 2021

თბილისობა 2021-ის ჩატარება თბილისის მერიას ნახევარი მილიონი დაუჯდება

instagram.com/kakhakaladze/

თბილისის მერია თბილისობა 2021-სთვის ემზადება. მერიამ გამარტივებული შესყიდვით ღონისძიებისთვის საჭირო მომსახურების შეძენა დაიწყო, რაც თბილისის მერიის ბიუჯეტს 498 500 ლარი უჯდება.

ტენდერის დოკუმენტების მიხედვით, თბილისობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 6 დღით ადრე, 24 ოქტომბერს ჩატარდება, თუმცა მთაწმინდის პარკში თემატურად დეკორირებულ სცენაზე მოწყობილ საზეიმო კონცერტს ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მაყურებელი არ ეყოლება.

ამის შესახებ ქალაქის მერმა, კახა კალაძემ, 29 სექტემბერს ისაუბრა. 

"მინდა გითხრათ, რომ გვექნება საპატიო თბილისელების დაჯილდოების ღონისძიება და პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ ამის ნახვა". - თქვა კალაძემ. 

გამარტივებულ შესყიდვას თან ახლავს კითხვებიც, რომელთაგან ერთ-ერთია, თუ რატომაა ღონისძიება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის, რაზეც თბილისის მერია პასუხობს, რომ ღონისძიების ჩატარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მიზნებს ემსახურება.

"თბილისობამ უკვე მრავალი წელია დაიმკვიდრა სახალხო დღესასწაულის სტატუსი. სახალხო დღესასწაულებისადმი, მათ შორის თბილისობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა და მათი მაღალ დონეზე ჩატარება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სოციალური, კულტურული და სხვა საჯარო მიზნების მიღწევას ემსახურება". - პასუხობს თბილისის მერია.


6 ოქტომბრიდან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მოიხსნა კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა და მაყურებლის დასწრება რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი.

კომენტარები