ვაქცინაცია

EMA-მ 18-წელს ზევით COVID-19-ის ვაქცინის მესამე დოზის რეკომენდაცია გასცა

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) Covid-19-ის ვაქცინის მესამე დოზასთან დაკავშირებით ახალი რეკომენდაციები გასცა. სააგენტოს თანახმად, 18 წლის ზემოთ ადამიანებისთვის მესამე დოზის გაკეთება რეკომენდირებულია მეორე დოზიდან დაახლოებით 6 თვის შემდეგ, ხოლო განსაკუთრებით სუსტი იმუნიტეტის მქონდე ადამიანებისთვის დამატებითი დოზის გაკეთება რეკომენდირებულია მეორე დოზიდან 28 დღის შემდეგ. 

Pfizer-ით და Moderna-ს ვაქცინით აცრილი სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის იმავე ვაქცინების დამატებითი დოზის გაკეთებაა რეკომენდირებული. 18 წელს ზემოთ ადამიანებისთვის კი რეკომენდაცია გაიცა Pfizer-ის ვაქცინის დამატებით დოზაზე. სააგენტო ამჟამად განიხილავს კვლევებს, რომლებიც Moderna-ს ვაქცინის დამატებით დოზის გაკეთების საჭიროებას ამყარებს.

ევროპის მედიკამენტების სააგენტოს რეკომენდაციები ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის სავალდებულო არ არის, სურვილის შემთხვევაში ქვეყნებს შეუძლიათ, ისინი არ შეასრულონ. ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში მესამე დოზით აცრა უკვე დაიწყო. მესამე დოზით ცრიან აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ისრაელშიც.

სექტემბერში აშშ-ს საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) 65 წელს ზევით და 18 წლიდან მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის Pfizer-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზას საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია მიანიჭა.

კომენტარები