Pandora Papers

პესკოვი Pandora Papers-ზე: პუტინის უახლოესი გარემოცვის ვერანაირი საიდუმლო ქონება ვერ აღმოვაჩინეთ

დმიტრი პესკოვი და ვლადიმერ პუტინი
24 celebs

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის თქმით, კრემლში Pandora Papers-ის გავრცელებულ მასალებში "ვერ ნახეს პუტინის უახლოესი გარემოცვის ვერანაირი საიდუმლო ქონება".  

Pandora Papers-ის სახელით გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) 35 მოქმედი და ძველი ლიდერის და 300-ზე მეტი საჯარო პირის ოფშორულ ბიზნესებსა და დამალული ქონებების შესახებ მონაცემები შეკრიბა.

"არ ვიცი, თითქოს უნდა გაგრძელდეს [მასალების] გამოქვეყნება, მაგრამ ჯერჯერობით განსაკუთრებული ვერაფერი ვიპოვეთ" – თქვა პესკოვმა CNN-ის ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად.

Эхо Москвы-ის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ კრემლისთვის ცნობილი იყო რუსეთის მოქალაქეების ოფშორებზე, რომლებიც გამოძიებაშია ნახსენები, პესკოვმა თქვა, რომ "ჯერჯერობით გაუგებარია, ეს რა ინფორმაციაა, რაზეა, იქ ბევრია ისეთი რამ, რაც კითხვებს აჩენს, ამიტომ გაუგებარია, როგორ შეიძლება ამ ინფორმაციის ნდობა".

რუსეთის მოქალაქეებიდან Pandora Papers-ში მოხვდა სვეტლანა კრივონოგიხი, რომელსაც ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობარს უწოდებენ. არქივი ასევე მოიცავს ინფორმაციას სერგეი ლავროვის სიძეზე ალექსანდრ ვინოკურევზე. ფაილებში ნახსენები მოხვდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარე ანტონ ვაინო, პირველი არხის გენერალური დირექტორი კონსტანტინ ერნსტი და როსტეხის ხელმძღვანელის სერგეი ჩემეზოვის ოჯახი.


გავრცელებულ ფაილებში საქართველოდან მოხვდა ქართული ოცნების დამფუძნებელი და ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 1998-2016 წლებში ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე 12 კომპანია დააარსა. გაჟონილი მასალები იურიდიული ფირმა Alcogal-ის შიდა მონაცემებს ეყრდნობა.

ICIJ-ის გამოძიება 650- ზე მეტ ჟურნალისტს აერთიანებს და BBC და Guardian-თან ერთად დაახლოებით 12 მილიონ ფაილზე მოიპოვა წვდომა 14 ფინანსური სერვისის კომპანიებიდან ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბრიტანეთში, სინგაპური, შვეიცარია, საამიროები და სხვა. მოპოვებული ფაილებიდან დაახლოებით 6 მილიონი დაკუმენტია, 2 მილიონი ფოტოსურათი და მილიონი მეილი.  

"მსგავსი მასშტაბის საქმე არასდროს გამოაშკარავებულა. ეს გვაჩვენებს რეალობას, როგორ ეხმარება ოფშორული კომპანიები მდიდრებს ქონების დაფარვასა და გადასახადების არიდებაში". - ამბობს ICIJ-ის ჟურნალისტი.

საქართველოს გარდა, სიაში უკრაინიდან მოხვდა 38 პოლიტიკოსი, აზერბაიჯანიდან - 2, რუსეთიდან - 19. მასალები ჯამში 338 პოლიტიკოსს აერთიანებს.

კომენტარები