არჩევნები 2021

ერაი: ეს არჩევნები იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა ადგილობრივი დემოკრატიისთვის

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელმძღვანელობის კონგრესის სადამკვირვებლო მისიის თავმჯდომარე დევიდ ერაი

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელმძღვანელობის კონგრესის სადამკვირვებლო მისიის თავმჯდომარის დევიდ ერაის შეფასებით 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები ადგილობრივი დემოკრატიისთვის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იყო.

"პოლარიზაციას ჰქონდა პარალიზების ეფექტი ადგილობრივ დემოკრატიაზე, რომელიც საერთო ეროვნული პოლიტიკური მდგომარეობის მძევალი გახდა. ამის ფონზე ეს არჩევნები იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა ადგილობრივი დემოკრატიისთვის საქართველოში" – თქვა დევიდ ერაიმ.

სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა წინასაარჩევნო პერიოდში სიტყვიერი აგრესიის, სიძულვილს ენის და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე კამპანიის დროს. დელეგაციის შეშფოთება ასევე გამოიწვია უთანასწორო გარემო, ამომრჩევლებზე წნეხმა და მოსყიდვების შემთხვევებმა. დამკვირვებლების შეფასებით, მთლიანობაში არჩევნების დღემ ჩაიარა მშვიდ, ორგანიზებულ, გამჭვირვალე გარემოში, გარდა გარკვეული შეუსაბამობებისა, რომლებიც მოხდა ხმის მიცემის კაბინების მოწყობის და მარკირების პროცესში. თბილისის გარკვეულ საარჩევნო უბნებში სივრცე იყო მცირე და ცესკოს თანამშრომლების და დამკივრვებლების დიდმა რაოდენობის გამო ამ უბნებზე ხალხმრავლობა იყო, რამაც გამოიწვია დაბნეულობა ხმების დათვლის დროს მომუშავეთა როლების შესახებ. კონგრესის წარმომადგენლების გარკვეულმა ნაწილმა ასევე აღრიცხა საარჩევნო უბნებიდან 100-მეტრიანი პერიმეტრის ახალი რეგულაციის დარღვევა.

კონგრესის სადამკვირვებლო მისია საარჩევნო პროცესს 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით აკვირდებოდა. ევროპის საბჭოს მისია ნაწილი იყო ეუთო/ოდირის და ევროპული პარლამენტის ერთობლივ მისისა. ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიაში 18 წევრი იყო, რომელებიც ევროპის საბჭოს 15 ქვეყანას წარმოადგენდნენ. საბჭო არჩევნებს საქართველოს 9 რეგიონში აკვირდებოდა და დაკვირვების პროცესში 120 საარჩევნო უბანი მოინახულა.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მოცემული მონაცემებით, ქართული ოცნება 4 თვითმმართველი ქალაქისა და თემის საკრებულოში ვერ ლიდერობს წარმომადგენლების რაოდენობით. ესენია - რუსთავი, ზუგდიდი, წალენჯიხა და სენაკი. 

5 თვითმმართველ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში – მეორე ტურები გაიმართება. თვითმმართველი ქალაქების გარდა, მეორე ტურები გაიმართება 15 თვითმმართველ თემში.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები