ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების შორის დამაკავშირებელი ცხელი ხაზი აღდგა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი და სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, მუნ ჯე ინი
AFP/Getty Images, 2018

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის დამაკავშირებელი ცხელი გაზი აღდგა, რომლის საშუალებით ქვეყნების ლიდერები და მთავრობები ერთმანეთში კომუნიკაციას და ინფორმაციის გაზიარებას შეძლებენ. 

სამხრეთ კორეის წარმომადგენლები ამ მოვლენას მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის დიპლომატიური და საქმიანი ურთიერთობების გაუმჯობესებას და გაღრმავებას. 

აღსანიშნავია, რომ ცხელი ხაზი ჩრდილოეთ კორეამ 2020 წლის ივლისში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე გათიშა. რამდენიმე დღეში ჩრდილოეთ კორეამ საზღვრის თავის მხარეს სამხრეთ კორეასთან სამეკავშირეო ოფისი ააფეთქა.

ცხელი გაზის აღდგენამდე სამი დღით ადრე კი, ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ ინფორმაცია გაავრცელა ახალი ტიპის ანტი-საჰაერო რაკეტის გამოცდასთან დაკავშირებით, რომელსაც სამხრეთ კორეა და აშშ პოტენციურ საფრთხედ მიიჩნევენ. 

მიუხედავად ამისა, საკომუნიკაციო არხი დღეს, 4 ოქტომბერს გაიხსნა და ლიდერები იმედოვნებენ, რომ ეს მცდელობაც, გასული წლის მსაგვსად, წარუმატებლად არ დასრულდება. 

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები 2018 წელს გაუმჯობესდა, როდესაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე ინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სამჯერ შეხვდნენ, მაგრამ კიმ ჩენ ინის და დონალდ ტრამპის სამიტის ჩაშლის შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კვლავ გაუარესდა.

დაძაბულობის ფონზე სამხრეთში გაქცეულმა ჩრდილოეთ კორეელთა ჯგუფებმა საზღვარზე პროკლამაციების გადაგზავნა აქტიურად დაიწყეს. რის შედეგადაც ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთთან ყოველგვარი სამხედრო და პოლიტიკური კომუნიკაციის ხაზი, მათ შორის ლიდერების დამაკავშირებელი ცხელი ხაზი გაწყვიტა.

კომენტარები