ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეა სამხრეთთან ყველანაირ კომუნიკაციას წყვეტს

მუნ ჯე ინი და კიმ ჩენ ინი
Reuters

ჩრდილოეთ კორეაში განაცხადეს, რომ სამხრეთ კორეასთან ყველანაირ კომუნიკაციას წყვეტენ, მათ შორის გაითიშება ცხელი ხაზიც, რომლითაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.

ჩრდილოეთ კორეაში თქვეს, რომ ეს პირველი ნაბიჯია "მტრის" წინააღმდეგ. გაითიშება სამხედრო კომუნიკაციის არხებიც.

"2020 წლის 9 ივნისიდან ჩრდილოეთ კორეა დახურავს კომუნიკაციის ოფისებს და სრულად გაწყვეტს კავშირს ჩრდილოეთისა და სამხრეთის ხელისუფლებებს შორის, რაც ამ ოფისების მეშვეობით ხორციელდებოდა. ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ საჭირო არ არის სამხრეთ კორეის ხელისუფლებასთან პირდაპირი მოლაპარაკებები და მათთან არაფერი გვაქვს განსახილველი. ისინი მხოლოდ შეშფოთებას იწვევენ ჩვენში", - გამოაცხადეს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაში.

2018 წელს ორმა ქვეყანამ დაძაბულობის განმუხტვისათვის კომუნიკაციის ოფისები შექმნა. მუშაობას ეს ოფისებიც შეწყვეტენ. კორონავირუსის გავრცელების შემდეგ შემოღებული შეზღუდვების გამო ოფისები დახურული იყო, თუმცა სატელეფონო კონტაქტი გრძელდებოდა. სამხრეთ კორეაში განაცხადეს, რომ ბოლო 21 თვის განმავლობაში პირველად 8 ივნისს მათ ზარს არ უპასუხეს.

გასულ კვირას კიმ ჩენ ინის და, კიმ იო-ჯონგი სამხრეთ კორეას კომუნიკაციის გაწყვეტით დაემუქრა, თუ ისინი არ შეაჩერებნდნე ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეულ პირთა ჯგუფებს, რომლებიც ჩრდილოეთ კორეაში პროკლამაციების გაგზავნას ცდილობენ.

კომენტარები