იაპონია

იაპონიის მე-100 პრემიერმინისტი ფუმიო კიშიდა გახდა

ფუმიო კიშიდა
Times

იაპონიის პარლამენტმა პრემიერმინისტრად ფუმიო კიშიდა აირჩია. კიშიდამ პოსტზე იოშიჰიდე სუგა ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობა სექტემბერში დატოვა. პრემიერმინისტრის პოსტს სუგა ერთი წელი იკავებდა.

ახალი პრემიერმინისტრის მთავარი გამოწვევა პანდემია და იაპონიის მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება. არჩევნები ნოემბრამდე უნდა დაინიშნოს. იაპონური მედიის ინფორმაციით, არჩევნები სავარაუდოდ 31 ოქტომბერს დაინიშნება.

იაპონური მედიის ინფორმაციით, კიშიდას ინიციატივით, კაბინეტში ცვლილებების შემდეგ ძველ თანამდებობებზე მხოლოდ ორი მოხელე დარჩება. პოსტს შეინარჩუნებენ საგარეო საქმეთა მინისტრი ტოშიმიცუ მოტეგი და თავდაცვის მინისტრი ნობუო კიში.

გასულ კვირას ფუმიო კიშიდამ თქვა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის ეკონომიკა იქნება. მისი ეკონომიკური პოლიტიკა დიდწილად იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრის შინძო აბეს პოლიტიკის გაგრძელება იქნება. საგარეო პოლიტიკაში კიშიდა იაპონიისა და აშშ-ს მყარ ურთიერთობას უჭერს მხარს, ისევე როგორც სხვა დემოკრატიულ პარტნიორებთან პარტნიორობის გაძლიერებას.

შიდა პოლიტიკურ ასპარეზზე კიშიდას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა მმართველი პარტიის, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის საზოგადოებრივი მხარდაჭერის გაძლიერებაა. კორონავირუსის პანდემიის მართვამ მნიშვნელოვნად შეამცირა პარტიის და ყოფილი პრემიერმინისტრის იოშიჰიდე სუგას პოპულარობა.

64 წლის ფუმიო კიშიდა პარლამენტში პირველად 1993 წელს აირჩიეს და ჰიროშიმას წარმოადგენდა. მისი მამაც და ბაბუაც პარლამენტარები იყვნენ. 2012-2017 წლებში ფუმიო კიშიდას იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

კომენტარები