არჩევნები 2021

ძველი ბიჭების მობილიზება, მოსყიდვა და ზეწოლა – რა დარღვევები იყო არჩევნებზე

სადამკვირვებლო ორგანიზაციების ინფორმაციით, 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე მრავალი ტიპის დარღვევა დაფიქსირდა, როგორც საარჩევნო უბანზე, ისე საარჩევნო უბნის გარეთ.

დარღვევებს შორისაა ბიულეტენების იმგვარად მოხევა, რომ შემდეგ შესაძლებელი იყოს მისი გაბათილება, გარკვეულ პირთა, მათ შორის, ე.წ. ძველი ბიჭების მობილიზება, დამკვირვებლების საქმიანობის შეზღუდვა, აგიტაცია და სხვა.

ტაბულა გთავაზობთ იმ დარღვევების არასრულ ჩამონათვალს, რაც არჩევნებზე დღის განმავლობაში დაფიქსირდა.

საარჩევნო უბანზე გამოვლენილი დარღვევები

ბიულეტენები და საარჩევნო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები:

ხობის საარჩევნო ოლქის 29-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი იმგვარად ხევდა ბიულეტენებს, რომ აღარ ჩანდა უბნის და ოლქის შესახებ სათანადო რეკვიზიტები.

საიას ინფორმაციით, გლდანის 92-ე უბანზე რეგისტრატორმა ბიულეტენი ისე მოხია, რომ არ ჩანდა უბნის ნომერი და სახელწოდება, რაც იწვევს ხმების დათვლისას ამ ბიულეტენის გაბათილებას.  

სოფელ აზიზქენდში ამომრჩეველს ცესკოს წევრები ბიულეტენს უმოწმებდნენ და კონვერტს ყუთში თავად აგდებდნენ.

დიდუბის საარჩევნო ოლქის მე-8 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი კომისიის წევრი იმგვარად ხევდა საარჩევნო ბიულეტენს, რომ არც ოლქის და არც უბნის ნომერი არ იყო დატანილი. ISFED-ის ინფორმაციით, ბიულეტენების მოხევის ამგვარი 10-მდე ფაქტი დაფიქსირდა.

ჩუღურეთის 36-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებზე გასცეს დაუმოწმებელი ბიულეტენები.

საბურთალოს საარჩევნო ოლქის 22-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა კომისიის წევრმა ამომრჩეველს გადასცა 2 ცალი ერთი სახის ბიულეტენი.

ქუთაისის 124-ე საარჩევნო უბანზე წინასწარ შეავსეს და ხელი მოაწერეს მერის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს.

წყარო: სამოქალაქო საარჩევნო კომისია

დამკვირვებლების საქმიანობის შეზღუდვა:

ბათუმის 44-ე უბანზე საიას პერიმეტრის დამკვირვებელის, თემურ ირემაძის მიმართ უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი უცნობი პირის მხრიდან ადგილი ჰქონდა აგრესიას და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას.

ჩხოროწყუს ოლქის, სოფელ მუხურის მე-16 უბანზე დამკვირვებელს კომისია უზღუდავდა საარჩევნო პროცესზე დაკვირვების უფლებას და არ აძლევდა საშუალებას თვალყური ედევნებინა ბიულეტენების დამოწმებისა და გაცემის პროცესზე.

ზუგდიდის ოლქის 90-ე საარჩევნო უბნიდან უკანონოდ გამოაძევეს სამართლიანი არჩენვების დამკვირვებელი, რომელიც მთელ რიგ დარღვევებს აფიქსირებდა.

დიდუბის მე-8 უბანზე დამკვრვებელს შეეზღუდა რეგისტრაციის საქმიანობაზე დაკვირვება.

მარკირების წესის დარღვევა:

ბათუმის N98 უბანზე ამომრჩეველს, რომელიც არ ფიქსირდებოდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, მარკირება გაუკეთეს.

ვაკის 29-ე საარჩევნო უბანზე რამდენჯერმე შეუშვეს ამომრჩევლები, რომლებსაც უკვე მიცემული ჰქონდათ ხმა, მარეგულირებელმა კი მათ მარკირება არ შეუმოწმა.

გურჯაანის ოლქის მე-3 საარჩენო უბანში რეგისტრატორი მასიურად არ აკეთებდა მარკირებას.

ბორჯომის ოლქის მე-9 უბანზე ამომრჩევლები, რომლებსაც გაკეთებული ჰქონდათ მარკირება, კანონდარღვევით შეუშვეს კენჭისყრის შენობაში და მისცეს ხმა.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა:

სამოქალაქო საარჩევნო კომისიის თანახმად, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც განთავსებული იყო ხმის მიცემის ახალი, ე.წ. ღია კაბინები, ამომრჩევლების და დამკვირვებლების შეტყობინებით, ირღვევა ხმის მიცემის ფარულობა და ამომრჩევლის მიერ შემოხაზულ ბიულეტენებს აკვირდებიან სხვა პირები.

ISFED-ის ინფორმაციით, გორის საარჩევნო ოლქის 71-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს შეყვა გარეშე პირი ხმის მისაცემად, მაგრამ აღნიშნული დამხარებას არ საჭიროებდა.

მარნეულის საარჩევნო ოლქის მე-14 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი ამოწმებდა თუ ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა. ამგვარი 3 შემთხვევა დაფიქსირდა.

ყვარელში, სავარაუდოდ, ერთ-ერთ უბანზე საარჩევნო კაბინები კამერის ქვეშ განათავსეს:

წყარო: ფორმულა

საარჩევნო უბნის გარეთ გამოვლენილი დარღვევები

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა:

სამოქალაქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქუთაისის ოლქის 95-ე უბანთან ამომრჩევლის მოსყიდვის პროცესში უშუალოდ იყო ჩართული ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია.

წყარო: სამოქალაქო საარჩევნო კომისია

ქუთაისის საარჩევნო ოლქში, ასათიანის ქუჩაზე, მერიის თანამშრომელი გოჩა ავალიანი ჩართული იყო ამომრჩევლის მოსყიდვის პროცესში.

ზუგდიდის საარჩევნო ოლქის მე-5 უბანზე დაფიქსირდა საარჩევნო უბნის დამკვირვებლის მიერ თანხის გადაცემა უბანზე მისული ამომრჩევლისთვის, რის შემდეგაც ისინი ერთად შევიდნენ უბანზე.

ვაკის 75-ე საარჩევნო უბანთან მობილიზებული იყვნენ კოორდინატორები, რომლებიც ამომრჩევლებს გადასცემდნენ თანხას.

აგიტაცია:

წყალტუბოს ოლქის 66-ე უბანზე სოფლის რწმუნებული უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოდეფობდა.

პარლამენტის თავმჯდომარე, კახაბერ კუჭავა, კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდა პირბადით, რომელზეც დატანილი იყო ქართული ოცნების სიმბოლიკა.

გლდანის 24-ე, 26-ე და 28-ე უბნებზე გაურკვეველი პირები ამომრჩევლს აფერხებდნენ, სავარაუდოდ, აგიტაციისა და ზეწოლის მიზნით უბნიდან 100 მეტრის რადიუსში.

წყარო: სამოქალაქო საარჩევნო კომისია

აბაშის საარჩევნო ოლქის მე-10 საარჩევნო უბნის გარეთ, მერის წარმომადგენელი, რომელსაც ჰქონდა ერთ-ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის სამკერდე ნიშანი, საარჩევნო უბანზე შესვლისას ხვდებოდა და ესაუბრებოდა უბანზე მოსულ ამომრჩევლებს.

ბორჯომის საარჩევნო ოლქის 1-ლი საარჩევნო უბნის გარე ფასადზე გამოკრული იყო ქართული ოცნების სააგიტაციო მასალა, მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი 25-მეტრიანი დისტანციის დარღვევით.

გორის საარჩევნო ოლქის 103-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა სააგიტაციო მასალის განთავსების ფაქტი ქართული ოცნების კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის სასარგებლოდ.

მედიის საქმიანობაში ხელის შეშლა:

მცხეთის მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების სიის მე-4 ნომერი ფორმულას გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდა.

შეურაცხყოფა მიაყენებს ჩუღურეთში მთავარი არხის ჯურნალისტს.

კოორდინატორების მობილიზება, პირთა შეკრება საარჩევნო უბნიდან 100 მეტრამდე მანძილზე, ამომრჩეველთა აღრიცხვა და კონტროლი:

ISFED-ის თანახმად, კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც 100-მეტრიან დიამეტრში კოორდინატორებს ყოფნა ეკრძალებათ, აბსოლუტურად ყველგან ირღვეოდა, სადაც მათი კოორდინატორები იმყოფებოდნენ.

ნაძალადევის საარჩევნო ოლქის მე-17 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა არააკრედიტირებულ პირთა ჯგუფი, რომელთაგან ერთ-ერთი ურეკავდა ამომრჩევლებს და ცდილობდა მათ უბანზე მობილიზებას.

რუსთავის საარჩევნო ოლქის მე-60 საარჩევნო უბანთან იმყოფებოდნენ ქართული ოცნების კოორდინატორები და სიაში აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს.

ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ და მობილიზებული იყვნენ კოორდინატორები ბაღდათის საარჩევნო ოლქის მე-2, ხელვაჩაურის 30-ე, ვაკის 75-ე და სხვ. საარჩევნო უბნებთან. სამგორის საარჩევნო ოლქის 49-ე უბანთან მობილიზებულები იყვნენ ე.წ. ძველი ბიჭები.

მარნეულში ოცნების წევრმა დამკვირვებელი და ლიბორისტული პარტიის წევრი დაჭრა.

 

კომენტარები