მიხეილ სააკაშვილის დაკავება

უკრაინა საქართველოს მიხეილ სააკაშვილთან კონსულის დაშვებას სთხოვს

უკრაინის მხარემ საქართველოს სთხოვა დაკავებულ ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაუშვან უკრაინელი კონსული. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Украинская правда ავრცელებს. 

საუბარი ამის შესახებ შედგა 2 ოქტომბერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს დროებით რწმუნებულს, სანდრო თოფურიას შორის. Украинская правда-ს ეს ინფორმაცია სამინისტროს პრესსპიკერმა,  ოლეგ ნიკოლენკომ მიაწოდა. 

სპიკერის თქმით, სანდრო თოფურიამ უკრაინულ მხარეს გააცნო უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების გარემოებები და სისხლის სამართლის ის მუხლები, რომელთა დარღვევაშიცაა ბრალდებული.

"უკრაინულმა მხარემ გაუსვა ხაზი მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი უფლებების სრულად დაკვირვების აუცილებლობას, [ქართულ მხარეს] მიმართა მისი უკრაინელი კონსულის მიერ მონახულების თხოვნით, რათა გაუწიოს საკონსულო და იურიდიული დახმარება", – თქვა ნიკოლენკომ.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართველ დიპლომატს დაუდასტურა პრინციპული პოზიცია, საქართველოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის შესახებ.

1-ელი ოქტომბრის დილას, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც ყოფილი პრეზიდენტი ამბობდა, რომ საქართველოში დაბრუნდა და ბათუმში იმყოფება. 

სააკაშვილის საქართველოში ყოფნა ქართულმა ოცნებამ თავდაპირველად უარყო. 1-ელი ოქტომბრის საღამოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაატარა სპეციალური ბრიფინგი, რომელზეც გამოაცხადა, რომ ჩატარდა სპეცოპერაცია და სააკაშვილი დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია შეხვდა. 

სახალხო დამცველის თქმით, სააკაშვილი აცხადებს შიმშილს და ითხოვს უკრაინის კონსულთან შეხვედრას.

აქამდე, 27 სექტემბერს სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც თქვა, რომ მას აღებული ჰქონდა თბილისისკენ მიმავალი ავიარეისის ბილეთი და 2 ოქტომბრის საღამოს ჩამოვიდოდა. 

კომენტარები