არჩევნები 2021

ქართული ოცნება 2021 წლის არჩევნებზე ხმების პარალელურ დათვლას ჩაატარებს

ქართული ოცნება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების პარალელურ დათვლას ჩაატარებს. ამის შესახებ პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისივე თქმით, პარალელური დათვლის შედეგები მმართველი პარტიის მიერ შექმნილ ახალ პორტალზე – election2021.ge-ზე აიტვირთება.

"ქართული ოცნება ამ არჩევნებზე ჩაატარებს ხმების პარალელურ დათვლას ყველა უბანზე. უბანზე როდესაც ხდება ბიულეტენების დათვლა და დგება ოქმი, ამ ოქმს გარკვეული პერიოდი სჭირდება, რომ ის აღმოჩნდეს საოლქო საარჩევნო კომისიაში, შემდეგ ცესკოში, შემდეგ გამოქვეყნდეს. ამითაც არის ხოლმე გამოწვეული მონაცემების გვიან გამოქვეყნება, რომელიც მანამდე უკვე ცნობილია. მათ შორის, პარტიისთვისაც არის ცნობილი, ვინაიდან ისინი უბანზე არიან წარმოდგენილი. ამიტომ ჩვენ იმ ოქმებს, რომლებიც შედგება იმ მომენტშივე შევიყვანთ ჩვენს ბაზაში, ასე რომ, ჩვენს მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება პარალელური დათვლის მეშვეობით უფრო ადრე გაიგოს შედეგები. ეს მოგვცემს საშუალებას, რამდენიმე საათით ადრე, ასე ვთქვათ, დავასწროთ ცესკოს და გარკვეულწილად გვქონდეს მონაცემები უბნებიდან". – თქვა პაპუაშვილმა.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები