კეზერაშვილის საქმე

ქარტია: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ტელეკომპანია ფორმულას საქმიანობაში ხელი არ შეუშალოს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ არჩევნებამდე ორი დღით ადრე ტელეკომპანია ფორმულას მფლობელის, დავით კეზერაშვილის მიმართ თავდაცვის სამინისტროს მიერ შეტანილი სარჩელი, შესაძლოა ემსახურებოდეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალების საქმიანობისთვის ხელის შეშლას. 

​ქარტია აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების მიმართ ხდება სამართლებრივი წარმოების დაწყება. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას გაიაზროს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და არ შეუშალოს ხელი მედიას საქმიანობაში.


30 სეტქემბერს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, "თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით". 

2021 წლის 7 სექტემბერს დავით კეზერაშვილს უზენაესმა სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ კეზერაშვილს თავდაპირველად 10 წელი მიუსაჯა და შემდეგ ეს სასჯელი ამნისტიით გაუნახევრდა. ეს საქმეზე პირველი გამატყუნებელი განაჩენია. 

უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ 6 წლის წინ აღძრულ საქმეზე სასამართლო წარმოება 2021 წლის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე განაახლა. სასამართლომ განიხილა ე.წ წვრთნების საქმე, რომელზეც ორმა სასამართლო ინსტანციამ დავით კეზერაშვილი უკვე გაამართლა. 

ადვოკატის, გიორგი გელხაურის შეფასებით, არჩევნების წინ ძველი საქმის განხილვის გადაწყვეტილება ემსახურება მხოლოდ მედიაზე ზეწოლას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმის მოსამართლე, შალვა თადუმაძე 3 წლის წინ, ამ საქმის განხილვის დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვაში დასდო, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცა და ბოლო გამამართლებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოაცხადა.

კომენტარები