არჩევნები 2021

კრამონი: სააკაშვილის განზრახვა, დაბრუნდეს საქართველოში, არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს

ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს. კრამონის აზრით, სააკაშვილის განზრახვა, რომ არჩევნების დღეს დაბრუნდეს საქართველოში, ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება.

"ასეთ პოლიტიკურ გარემოში ბატონი სააკაშვილის განზრახვა დაბრუნდეს საქართველოში არჩევნების დღეს არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ მე სრულად მესმის ბატონი სააკაშვილის სურვილი იმყოფებოდეს მის სამშობლოში, ამგვარი ნაბიჯი, ამ დროისთვის, კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს, შექმნის არასაჭირო დაძაბულობას და დააზიანებს როგორც არამდგრად პოლიტიკურ პროცესებს ასევე ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს. ამ უკანასკნელმა ბოლო დროს უკვე განიცადა სერიოზული დარტყმა „ქართული ოცნების“ მავნე გადაწყვეტილებების შედეგად.

ევროკავშირს არ გააჩნია არც რესურსი და არც სურვილი, იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც აუცილებლად შეიქმნება ბატონი სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში. მე და ჩემმა კოლეგებმა ყოველივე ეს მკაფიოდ განვუმარტეთ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბოლოდროინდელი შეხვედრების დროს. ამ პოზიციას ასევე ფართოდ იზიარებენ ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიც". – ნათქვამია ევროპარლამენტარის განცხადებაში.

27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში ბრუნდება. სააკაშვილს ამომრჩევლისთვის ქვეყანაში ჩამოსვლის პირობა დღემდე მრავალჯერ აქვს მიცემული. 

კომენტარები