არჩევნები 2021

რა წერია ოპოზიციური პარტიების თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის მანიფესტში

ევროპული საქართველო

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის მანიფესტს მოაწერა ხელი, რომელშიც წერია, რომ მიუხედავად პოსტსაბჭოთა მძიმე მემკვიდრეობიდან თავის დაღწევის მრავალი მცდელობისა, დღემდე ჩვენი ქვეყანა პოლიტიკური ცენტრალიზაციის პირობებში იმართება და ძალადაკარგულია ქვეყნის კონსტიტუცია.

მანიფესტის მიზანია დეცენტრალიზაციის, ძლიერი თვითმმართველობის დამკვიდრება და ხალხისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის დაკარგული უფლების დაბრუნება.

"ჩვენ, ამ პოლიტიკური მანიფესტის ხელმოწერი პოლიტიკური ძალები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, ვაცნობიერებთ რა ჩვენს პოლიტიკურ პასუხიმგებლობას, მივიჩნევთ, რომ მმართველობის დეცენტრალიზაცია და ძლიერი თვითმმართველობის დამკვიდრება იყო, არის და იქნება  ჩვენი პოლიტიკური მიზანი. ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის ამ უაღესად მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად შევიმუშავებთ და მხარს დავუჭერთ ყველა იმ ინიციატივას, რომელიც პოლიტიკაში მონაწილეობის დაკარგულ უფლებას დაუბრუნებს ხალხს", - წერია მანიფესტში.

ხელმომწერი პარტიები თანხდებიან, რომ მხარს მხარს უჭერენ შემდეგ პრინციპებს: 

  • ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეების მნიშვნელოვანი წილი უნდა მოწესრიგდეს ხელისუფლების იმ ორგანოების მიერ, რომელიც ყველაზე ახლოს არის ხალხთან (სუბსიდიარობის პრინციპი);
  • ადგილობრივ თვითმმართველობას ექნება ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეების მნიშვნელოვანი წილის მოსაგვარებლად საკმარისი ფინანსური და ეკონომიკური რესურსი და მუნიციპალიტეტები დაბრუნდებიან ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში, როგორც მნიშვნელოვანი აქტორები;
  • თვითმმართველობის განხორციელების ადმინისტრაციული-ტერიტორიული მოდელი, საბჭოთა მოდელის ნაცვლად, დაეფუძნება ევროპულ სტანდარტებს და კარგ პრაქტიკას;
  • ძალაუფლების კონცენტრაციის თავიდან ასარიდებლად იგი უნდა დანაწილდეს როგორც ჰორიზონტალურად – შტოებს შორის, ისე ვერტიკალურად – მმართველობის დონეებს შორის;
  • ქვეყნაში შეიქმნება ორდონიანი თვითმმართველობის მოდელი, რომელიც საქართველოს ისტორიულ რეგიონებს, სამართლებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტატუსს მიანიჭებს, დაუბრუნებს როლს ქვეყნის მართვის საკითხებში;
  • დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობა არის ქვეყნის საშინაო და საგარეო საფრთხეებზე, გამოწვევებზე ყველაზე ადეკვატური პასუხი რომელიც შედეგად მოგვცემს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, საზოგადოებრივი და პოლიტიკური თანხმობის მიღწევის გარანტიებს.
წყარო: ნეტგაზეთი

მანიფესტს ხელს აწერენ შემდეგი პარტიები: ენმ, დროა, გირჩი - მეტი თავისუფლება, ლელო, მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი, თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკური პარტია. მანიფესტის ინიციატორი მოძრაობა სირცხვილიაა, რომლის წევრის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, მანიფესტი ხელმოსაწერად ყველა ოპოზიციურ პარტიას გაეგზავნა, თუმცა მოწვეული არ ყოფილა გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის.

კომენტარები