COVID-19-ის ვაქცინები

PFIZER-ისა და ASTRAZENECAS-ს ვაქცინები COVID-19-ის ინდური შტამის წინააღმდეგ მაღალეფექტიანია

The Guardian-ის ცნობით, ბრიტანული სააგენტოს, ინგლისის საჯარო ჯანმრთელობის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინები Covid-19-ის ინდური შტამის წინააღმდეგ მაღალეფექტიანია.

კვლევები 5 აპრილისა და 16 მაისის შუალედში ჩატარდა. შედეგების მიხედვით, Pfizer-ის ვაქცინა ინდური შტამის წინააღმდეგ 88%-ით ეფექტიანია, AstraZeneca კი – 60%-ით. გამოკვლევებში მონაწილე ექიმებმა ორ ვაქცინას შორის ეფექტიანობის სხვაობა იმით ახსნეს, რომ AstraZeneca-ს მეორე დოზა ადამიანის ორგანიზმში Pfizer-ზე ნელა აქტიურდება და მისი სრული ეფექტიანობის გააქტიურებას მეტი დრო სჭირდება, ამიტომაც, შესაძლოა, მისი ეფექტიანობა ინდური შტამის წინააღმდეგ მეორე დოზის მიღებიდან 60%-ზე მაღლა ავიდეს.  

შედარებისთვის, Pfizer-ის ვაქცინა ბრიტანული შტამის წინააღმდეგ 93%-ით ეფექტიანია, AstraZeneca-სი კი – 66%-ით.

"ეს კვლევები გვამტკიცებს იმაში, რომ ამ ორი ვაქცინიდან ნებისმიერის ორი დოზის მიღება იცავს B.1.617.2 ვარიანტის (ინდური შტამი) სიმპტომური დაავადებისგან და, სავარაუდოდ, ვაქცინები კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობასთან მიმართებაში". – თქვა მერი რემზიმ, ინგლისის საჯარო ჯანმრთელობის ხელმძღვანელმა.

ასევე, კვლევების მიხედვით, ორივე ვაქცინა პირველი დოზის გაკეთებიდან 3 კვირის შემდეგ ინდური შტამის წინააღმდეგ 33%-ით ეფექტიანი იყო.

ინგლისის საჯარო ჯანმრთელობის კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, ბრიტანეთში ვაქცინაციის პროგრამამ მოხუცებში 13 000 ადამიანი Covid-19-ისგან სიკვდილს გადაარჩინა, დაახლოებით 39 100 ადამიანი კი ჰოსპიტალიზაციას.

 

კომენტარები