ოკუპირებული ცხინვალი

კალინდრა: ცხინვალი-რუსეთს შორის შეთანხმება საქართველოს სუვერენიტეტს უხეშად არღვევს

ანდრიუს კალინდრა

ლიტვის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა გმობს რუსეთსა და  ცხინვალის დე ფაქტო, მარიონეტულ რეჟიმს შორის გაფორმებულ შეთანხმებას ორმაგი მოქალაქეობის შესახებ, რაც, მისივე თქმით, საქართველოს სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა.

"ე.წ ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმება ცხინვალის რეგიონსა და რუსეთს შორის არის საქართველოს სუვერენიტეტის მორიგი უხეში დარღვევა. ლიტვა მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს უკანონო ოკუპაციას, რაც ეწინააღმდეგება გაეროს ნორმებს, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს". - წერს ანდრიუს კალინდრა

სააგენტო Рес-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის დე ფაქტო, მარიონეტულ რეჟიმს შორის გაფორმდა შეთანხმება ორმაგი მოქალაქეობის შესახებ. 

შეთანხმება ორშაბათს, 20 სექტემბერს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს, დიმიტრი მედოევსა და ცხინვალში მყოფ რუსეთის ელჩს, მარატ კულახმეტოვს შორის გაფორმდა. 

შეთანხმების მიხედვით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყველა მოქალაქეს შეეძლება რუსეთის მოქალაქეობის მიღება. შეთანხმება 5-წლიანია და ვადის გასვლის შემდეგ, ავტომატურად 5 წლით გახანგრძლივდება, თუ ერთ-ერთმა მხარემ, ბოლო ვადამდე 6 თვით ადრე, მეორე ცვლილების შესახებ არ გააფრთხილა.

კომენტარები