ფარული მოსმენა

კუჭავა: არავის მოსმენა არ არის კანონიერი, თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა მომხრეა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ მასალებზე რიგგარეშე სხდომა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ჩატარდეს. 

კუჭავას თქმით, ამ საკითხზე, შესაძლოა, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაც გახდეს საჭირო. 

"ეს ის საკითხია, რაზეც საპარლამენტო სხდომა და მოსმენა აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ეს საკითხი არ შეიძლება უბრალოდ იყოს დახურული. ჩემი აზრით, მარტო სესიაც არ იქნება საკმარისი, საგამოძიებო კომისიის შექმნაც შეიძლება გახდეს საჭირო, მეტი სანდოობისთვის. სადაც ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთად მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა მეორე საკითხია, როდის უნდა ჩატარდეს რიგგარეშე სხდომა".- ამბობს კუჭავა. 

მისივე თქმით, უკანონო მოსმენები დარღვევა და დანაშაულია თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. 

"თუ უკანონო მოსმენაზე ვსაუბრობთ, უკვე დარღვევაა და დანაშაულია. ის, თუ უსაფრთხოების სამსახური ვის ჩათვლის საჭიროდ, რომ მოუსმინოს კანონმდებლობის ფარგლებში, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და გადასაწყვეტია შესაბამისი უწყებების მიერ. ის კითხვებია, რომელიც უნდა დაისვას და შესაბამისად, კომპეტენტურმა პირებმა ამ უწყებებიდან წარმომადგენლებმა უნდა გასცენ პასუხი, ამიტომ ჯერჯერობით ეს არის ჭორაობა. არავის მოსმენა არ არის კანონიერი, თუ ამის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. თუ უკანონო მოსმენა არის, ეს არის ყოვლად მიუღებელი და შესაბამისი რეაგირება უნდა მოყვეს, არ აქვს მნიშვნელობა ვისი მოსმენა ხდება".- ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე. 


13 სექტემბერს გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

საქართველოს საპატრიარქოს შეფასებით კი, დიდია ალბათობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი მასალა "ფაბრიკაციის გზით იყოს შექმნილი. ასევე, საპატრიარქო ფაილების დიდ ნაწილს სიცრუეზე აგებულს უწოდებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთი დოკუმენტი სიმართლესაც შეიცავს. 

ამავე თემას ეხებოდა 19 სექტემბერს გასული გადაცემა მთავარი აქცენტები. მთავარი არხის მტკიცებით, მათ ინტერვიუ სუს-ის მოქმედ თანამშრომელთან. პირი, რომელიც ანონიმურად რჩება, ამბობს, რომ უწყებაში სასულიერო პირების გარდა, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ექიმებს, ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს და სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებს უსმენენ.

კომენტარები