ფარული მასალები

ტელეკომპანია ფორმულაში პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

ტელეკომპანია ფორმულაში პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ. საქმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ მასალებს ეხება. უწყების წარმომადგენლები საგამოძიებო მოქმედებებს ტელევიზიის ადმინისტრაციის თანხმობით ატარებენ.

ფორმულას საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნანა ინწკირველის თქმით, პროკურორებს აინტერესებთ, რა ფორმით ხდებოდა მასალების მოპოვება, როგორ იღებდნენ ჟურნალისტები ამ მასალას, სად იყო განთავსებული და მისაწვდომი იყო თუ არა ეს ფაილები ყველასთვის.

გუშინ, 16 სექტემბერს პროკურატურის წარმომადგენლები ტელეკომპანია პირველშიც იმყოფებოდნენ. არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის თქმით, უწყების თანამშრომლები ტელევიზიაში წინასწარი შეთანხმებით მივიდნენ. 

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა

კომენტარები